მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენს გამოიმუშავებს მერაია ქერი საახალწლო სიმღერით?

მერაია ქერი

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების პლეილისტში მერაია ქერი იღვიძებს. ამერიკელი მუსიკოსის მიერ 1994 წელს გამოშვებული საახალწლო კომპოზიცია All I Want for Christmas Is You საახალწლო მუსიკის ჟანრში დღემდე იმდენად უკონკურენტოდ ითვლება, რომ მსმენელებმა მერაია ქერის “შობის დედოფალი” შეარქვეს. თუმცა მსმენელის სიყვარულის გარდა, ამ კომპოზიციის წყალობით მომღერალმა დიდძალი მატერიალური სარგებელიც მიიღო, რომელიც, როგორც ჩანს, 100 მილიონ დოლარს აღემატება.

თუკი თავის დროზე, მერაია ქერი შემოსავალს საახალწლო მუსიკალური კომპოზიციის ფირფიტების და დისკების გაყიდვით იღებდა, ახლა მისი შემოსავლის წყაროები მეტად დივერსიფიცირებულია და მოიცავს, როგორც მუსიკალურ სტრიმინგს, ასევე სატელევიზიო განთავსებებს. Spotify-ის ინფორმაციით, All I Want for Christmas Is You პირველი სადღესასწაულო სიმღერა გახდა, რომელსაც სულ მცირე ორ მილიარდჯერ მოუსმინეს. ამასთან, ის Spotify-ზე შობის დღეს ყველაზე ხშირად მოსმენილი სიმღერაცაა და ამ სიმბოლურ ტიტულს 2016 წლიდან ინარჩუნებს. ეს ყველაფერი, ცხადია, მომღერლის ჯიბეზე აისახება.

მუსიკალურ ინდუსტრიაში სპეციალიზებული იურიდიული კომპანიის, Phelps & Phillips-ის დათვლებით, მას შემდეგ, რაც მერაია ქერიმ All I Want for Christmas Is You გამოუშვა, ამ სიმღერამ $103 მილიონის შემოსავალი დააგენერირა. ეს თანხა გულისხმობს, როგორც მუსიკალური სტრიმინგიდან მიღებულ საკომისიოს, ასევე სხვა შემოსავალს და ის, ცხადია, 100%-ით ზუსტი არ არის, რადგან ამერიკელ მუსიკოსს და კომპანიების შორის დადებული კონტრაქტების პირობები საჯარო არ არის. Phelps & Phillips-ის დათვლებით, მხოლოდ Spotify-დან მერაია ქერიმ $9.8 მილიონის შემოსავალი მიიღო.

როგორც ცნობილია, ამერიკელი მომღერალი სიმღერის მიერ მიღებული შემოსავლის მხოლოდ ნაწილს იღებს, რადგან შემოსავლის გაყოფა Sony Music-ის შვილობილ Columbia Records-თან უწევს, რომელმაც ეს კომპოზიცია გამოსცა. გამომდინარე იქიდან, რომ მერაია ქერი ამ საახალწლო სიმღერის შემსრულებელი, თანაავტორი და თანაპროდიუსერია, წილი, რომელსაც ის ყოველი მოსმენიდან იღებს, გაცილებით მაღალი უნდა იყოს, ვიდრე სხვა, ნაკლებად პრივილეგირებული მუსიკოსების შემთხვევაში.

ექსპერტების მოსაზრებით, მერაია ქერის წილობრივი შემოსავლი 20%-დან 90%-მდე შუალედში მერყეობს, მაგრამ კონკრეტული რიცხვი კონტრაქტის პირობებზე არის დამოკიდებული. თუკი ეს ლოგიკა მართალია, გამოდის, რომ შემოსავალი, რომელიც მერაია ქერიმ All I Want for Christmas Is You-დან მიიღო, 20.6 მილიონიდან $92.7 მილიონამდე მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები