კონკურენციის მიუხედავად, OpenAI-ისა და ამერიკულ Google-ს შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა, რაც AI-გიგანტების სტრატეგიულ თანამშრომლობას ითვალისწინებს.
ხელშეკრულების თანახმად, OpenAI შეძლებს გამოიყენოს Google-ის Cloud-ინფრასტრუქტურა, რომელიც, თავის მხრივ, ხელოვნური ინტელექტის განვითარებას მოხმარდება.
აქამდე OpenAI მხოლოდ Microsoft Azure-ის ინფრასტრუქტურით სარგებლობდა, თუმცა, როგორც ჩანს, სტარტაპს დივერსიფიცირება და გამოთვლითი სიმძლავრეების გაზრდა სურს, რაც ChatGPT-ზე მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული.
როგორც ცნობილია, თანამშრომლობის ფარგლებში, OpenAI თავისი AI-მოდელების გასაწვრთნელად ახლა უკვე Google Cloud-საც გამოიყენებს, რაც ChatGPT-ის შესაძლებლობებს გაზრდის.
მართალია, Google-ის მიზანი ChatGPT-ის მთავარი კონკურენტის, Gemini-ის განვითარებაა, თუმცა კომპანია მაინც თანხმდება Cloud-სერვისის გაქირავებაზე, რადგან ეს Google-ისთვის დამატებით შემოსავალს წარმოადგენს და თანამშრომლობა ორივე მხარეს დიდ სარგებელს მოუტანს.