საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ალექსანდრე თევდორაძის განცხადებით, გზების დეპარტამენტი ქართული კომპანიების საერთაშორისო ტენდერებში მონაწილეობით თავადაც არის დაინტერესებული.
როგორც თევდორაძემ BM.ge-ის განუცხადა, თუ ქართული კომპანიები გაერთიანდებიან და გამსხვილდებიან, უცხოურ კომპანიებთან კონკურენციის გაწევას და ტენდერებში გამარჯვებას უფრო მეტად შეძლებენ.
რაც შეეხება დეპუტატ დავით ჭიჭინაძის იდეაზე (დეპუტატი ინფრასტრუქტურული ტენდერების ქართულ კომპანიებზე მორგების ინიციატივით გამოდის) სამინისტროს პოზიციას, ალექსანდრე თევდორაძე აცხადებს, რომ ტენდერების ვინმეზე მორგება გამორიცხულია.
„რაც შეეხება ტენდერების ვინმეზე მორგებას, მათ შორის ქართულ კომპანიებზე ან ტენდერის ხელოვნურად ჩაშლას და მსგავს რაღაცეებს, ეს გამორიცხულია. ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებთ დონორი ორგანიზაციების წესებით და შესაბამისად, ამ წესების სრული დაცვით ვახორციელებთ პროცედურებს, რაც ვინმეზე სატენდერო პროცედურების მორგებას გამორიცხავს“, - აღნიშნა მან.
ალექსანდრე თევდორაძის ინფორმაციით, საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსებული ტენდერების 99%-ში ქართული კომპანიები იღებენ მონაწილეობას და იმარჯვებენ კიდეც.