მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ველოდებით GTA VI-ისგან, რომელიც 2026 წელს გამოვა?

GTA VI

ვიდეოთამაშების ინდუსტრია მორიგი რევოლუციის წინაშე დგას, მაგრამ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდეოთამაშის, GTA VI-ის გამოშვების თარიღმა კიდევ ერთხელ გადაიწია. დღევანდელი მოცემულობით, Rockstar Games-ის უახლეს ქმნილებას ბაზარზე ერთ წელიწადში, ანუ 2026 წლის მაისის ბოლოს ვიხილავთ. როგორც კომპანიაში ამბობენ, ვიდეოთამაში ჯერ არ არის იმდენად მზად, რომ მომხმარებელს GTA-ის დონის ხარისხი და გამართული გრაფიკა შესთავაზოს.

საინტერესოა, რომ GTA VI ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული თამაშია, რომლის შექმნა დეველოპერებს $2 მილიარდამდე უჯდებათ, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე $1.5 მილიარდი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მაღალ შენობაზე, დუბაიში მდგარ 828-მეტრიან Burj Khalifa-ზე დაიხარჯა. ეს ნაგებობა, რომელიც უდაბნოში 2010 წელს აშენდა, დღეს არქიტექტურული ზეიმის სიმბოლოდაა მიჩნეული. აი, ასეთივე ამბიციურია Rockstar Games-ის მიზანი, რადგან GTA VI-ის გამოსვლას მთელი მსოფლიო ელოდება.

ანალიტიკოსების პროგნოზით, GTA VI-ის გაყიდვით, მხოლოდ პირველ წელს, Rockstar-ის მფლობელი Take-Two Interactive-ი $3.2 მილიარდის შემოსავალს მიიღებს და თუ ეს მოსაზრება გამართლდა, ესე იგი, Rockstar Games-ის ამბიციური ფსონი გაამართლებს. თუკი ეს მართლაც მოხდა, GTA V-ის რეკორდი წარსულს ჩაჰბარდება, არადა ვიდეოთამაშმა, რომელიც 2013 წელს გამოვიდა, პირველ დღეს კომპანიას $800 მილიონი მოუტანა, სამ დღეში კი — $1 მილიარდი, რაც იმ დროს არნახული იყო. GTA VI ხელმისაწვდომი იქნება, როგორც PS5-ზე — ან PS6-ზე, თუკი მას ამ დროისთვის ვიხილავთ — ასევე XBOX-ზე და პერსონალურ კომპიუტერებზე და რეკორდი, სავარაუდოდ, უეჭველად მოიხსნება.

Rockstar Games-ის მიერ ვიდეოთამაშის გამოსვლის თარიღის გადავადებას კომპანიის მფლობელი Take-Two Interactive-ის ინვესტორები ცუდად შეხვდნენ, ხოლო აქციის ფასი ერთბაშად 8.5%-ით შემცირდა. ფინანსური გასაჭირის თავიდან ასაცილებლად, Rockstar Games-მა GTA VI-ის მეორე ტრეილერი გამოაქვეყნა, რითაც მოთამაშეების გულები მოიგო. ტრეილერი, რომელიც სრულად PS5-ზე არის გადაღებული, თანაბრად შედგება, როგორც გეიმპლეისგან, ასევე ვიდეოთამაშში ჩაშენებული ნარაციული ვიდეოებისგან, იგივე ე.წ. “ქათ სცენებისგან”. აღნიშნული ასევე საინტერესოა, რადგან ამ ორს შორის განსხვავების პოვნა უბრალოდ შეუძლებელია, ანუ ვიდეოთამაშის გრაფიკა სავარაუდოდ ისეთი იქნება, რაც ამ დრომდე არასდროს გვინახავს.

მეორე ტრეილერიდან ბევრი ისეთი დეტალი დადასტურდა, რომელთაც Reddit-ზე და გეიმერულ კომუნებში უკვე დიდი ხანია განიხილავენ. თამაშის სიუჟეტი Vice City-ში, ანუ გეიმერებისთვის კარგად ნაცნობ ადგილას განვითარდება, რომელიც მაიამის ერთგვარი ანალოგია. თუკი პირველი ტრეილიდან შევიტყვეთ, რომ GTA-ის ისტორიაში პირველად, თამაშში ქალი პროტაგონისტი გამოჩნდებოდა, სახელად ლუსია, მეორე ტრეილერში მისი შეყვარებული, ჯეისონი გავიცანით. ამ ორს შორის არსებული დინამიკა, გარკვეულწილად, ბონი და კლაიდის ურთიერთობას მოგვაგონებს. ცხადია, მეორე ტრეილერში ყველა ის ელემენტიც გამოჩნდა, რომლის გამო გეიმერებს ამ ფრენჩაიზის თამაშები იზიდავს, ანუ სწრაფი მანქანები, იარაღები, ამერიკული პოპ-კულტურა, ბევრი მუსიკა და, რაც ყველაზე მთავარია, მოქმედების თავისუფლება, რომელიც გეიმერს არნახულ შესაძლობებებს სთავაზობს.

იმ მაყურებელს, რომელსაც GTA-ის შესახებ არაფერი გაუგია შეიძლება გაუჩნდეს შეკითხვა, თუ რატომ არის ეს თამაში ასეთი მნიშვნელოვანი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ მარტივია, რადგან ამ თამაშმა, რომლის პირველი ვერსია Rockstar-მა ჯერ კიდევ 1997 წელს გამოუშვა, ვიდეოთამაშების ბაზარზე ნამდვილი გადატრიალება მოახდინა და ეს ეფექტი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რიცხვებითაც დასტურდება. ამ დრომდე, GTA-ის ფრენჩაიზის თამაშების 430 მილიონ ეგზემპლარზე მეტი არის გაყიდული, რაც უბრალოდ წარმოუდგენელი მაჩვენებელია, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ Minecraft-ი უსწრებს. GTA VI-ის გამოსვლის შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდეოთამაშის ტიტულს კვლავ Rockstar Games-ი დაიბრუნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები