ბოლო 5 წელში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების დასაფინანსებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას IDFI ავრცელებს, რომელმაც 2013-2017 წლებში სარეზერვო ფონდის დანახარჯები შეისწავლა.
IDFI-ის ცნობით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი არა ფორს-მაჟორულ ან გაუთვალისწინებელ სიტუაციებზე იხარჯებოდა, არამედ საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების ჩატარებაზე, ისევე როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციების შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე ან ცალკეული მიმდინარე ხარჯების დაფარვაზე.
"ღონისძიებების კატეგორიების მხრივ ყველაზე მეტი თანხა საანგარიშო პერიოდში გამოიყო ერთ კონკრეტულ სასოფლო სამეურნეო ღონისძიებაზე - 48 მლნ ლარი („2015 წლის რთველის ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების მიზნით“), ასევე სპორტული ღონისძიებების - 32 მლნ ლარი, და სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების დაფინანსებაზე - 9.6 მლნ ლარი ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ნახევარზე მეტი თანხა 26 მაისის ღონისძიებას მოხმარდა", - ნათქვამია IDFI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ბიუჯეტის არაეფექტიანი ხარჯვის რისკებიც.