გასული 24 საათი ამერიკული საფონდო ბირჟისათვის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი იყო, რადგან უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ჯამურად 1 ტრილიონი დოლარის შეფასება დაკარგეს. განსაკუთრებით ცუდი შედეგი NVIDIA-ს ჰქონდა, რომლის კაპიტალიზაცია ერთ დღეში 17%-ით, ანუ 600 მილიარდი დოლარით შემცირდა, რაც რეკორდული ვარდნის მაჩვენებელია.
ამერიკელი ინვესტორების პანიკა ერთ-ერთმა ჩინურმა სტარტაპმა, DeepSeek-მა გამოიწვია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მუშაობს და ChatGPT-ის კონკურენტ AI-ს ფლობს, რომელიც ამჟამად აშშ-ში ყველაზე ხშირად გადმოწერადი უფასო აპლიკაციაა.
ინვესტორების შიში იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ DeepSeek-მა ხელოვნური ინტელექტის შექმნა დაახლოებით ორ თვეში, 6.5 მილიონი დოლარის ინვესტიციით შეძლო, რაც თითქმის 10-ჯერ და 100-ჯერ ნაკლებია იმასთან შედარებით, თუ რა მოცულობის ინვესტიციის ჩადება მოუწიათ OpenAI-სა და Google-ს საკუთარი AI-მოდელების შესაქმნელად.
ხელოვნური ინტელექტის ასეთმა გაიაფებამ გააჩინა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების მხრიდან ხომ არ ჰქონდა ადგილი უაზრო ხარჯების გაწევას და ფიზიკურ ინფრასტრუქტურაში ფულის გადაყრას. ცხადია, მომენტალურად გაჩნდა შეკითხვები მრავალმილიარდიან Data-ცენტრებთან და მასშტაბურ პროექტებთან დაკავშირებით, რადგან ინვესტორებისათვის სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა, თუ როგორ შეძლო ჩინურმა სტარტაპმა AI-ს შექმნა ისე, რომ ამაში ფული თითქმის არ დაუხარჯავს.
ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად რამდენიმე საკუთხზე უნდა დავფიქრდეთ. პირველი ის არის, რომ DeepSeek-ის ხელოვნური ინტელექტი აზროვნების პროცესში სხვა სახის ლოგიკურ სტრუქტურას იყენებს, რაც შედეგს უფრო ნაკლები ენერგიის მოხმარების სანაცვლოდ იძლევა, თუმცა ხარისხიც შესაბამისია. ამ შემთხვევაში, DeepSeek-ზე საუბარს დიდად აზრი არ აქვს, რადგან კომპანია ჩინური წარმოშობისაა, შესაბამისად, ის არ გადის აუდიტს და მის მიერ წარმოდგენილი ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ AI-ს შესაქმნელად მისმა ინვესტორებმა 6.5 მილიონი დოლარი დახარჯეს, არც გადამოწმებადია და არც დადასტურებული. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ DeepSeek-ს, წესით, წვდომა არ უნდა ჰქონდეს NVIDIA-ს უახლეს და უმძლავრეს AI-პროცესორებთან, რადგან ჩინეთი სანქცირებული სახელმწიფოა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ჩინურ კომპანიას ათასობით NVIDIA-ს პროცესორი აქვს, რაც, სავარაუდოდ, ქვეყანაში სანქციების გვერდის ავლით აღმოჩნდა.
საერთო ჯამში, DeepSeek-თან დაკავშირებით რამის თქმა რთულია, რადგან ეს პროექტი მართლა 6.5 მილიონი დოლარი დაჯდა, თუ 65 მილიარდი დოლარი, არავინ იცის. განსაკუთრებით საყურადღებო კი ისაა, რომ ჩინეთის მთავრობას AI-ის განვითარება სტრატეგიულ ამოცანად აქვს დასახული, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ DeepSeek-ის დაფინანსებაზე სახელმწიფო სუბსიდიები იხარჯებოდეს და პროექტის ღირებულება გაცხადებულზე 100-ჯერ მეტი იყოს.
NVIDIA-ს კატასტროფულ ვარდნას რაც შეეხება, ანალიტიკოსების შეფასებით, კორექცია ემოციური გავლენით და პანიკითაა განპირობებული, რადგან NVIDIA-ს ჩამოქცევის რეალური მიზეზი არ არსებობს, ამას კი ის განაპირობებს, რომ მის მიერ წარმოებულ AI-პროცესორებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, თანაც არა გაუგებარი წარმოშობის სტარტაპების, არამედ რეალური, გიგანტური კომპანიების მხრიდან, რომლებიც AI-ის განვითარებაზე ტრილიონების დახარჯვას გეგმავენ.