ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საქართველოში ხორბლის იმპორტსა და ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს, იმ ფაქტით ხსნის, რომ ლარსის გამშვებ პუნქტზე დიდი რიგებია. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამის გამო ქვეყანაში ტურისტების შემოსვლა ფერხდებოდა.
„სასაზღვრო გამშვებ პუქტებში იყო დიდი რიგები. ვერ ახერხებდნენ ტურისტები შემოსვლას, ასეულობით მანქანა ბრუნდებოდა უკან, განსაკუთრებით ეს პრობლემა შეიმჩნეოდა ლარსის გამშვებ პუნქტზე. არსებობს გაცილებით ცივილიზებული და ეფექტური გზა ,- ეს არის საზღვაო ტრანსპორტის და რკინიგზის გამოყენება. არანაირ დისონასს ეს ეკონომიკაში ეს არ შემოიტანს და გაძვირებასაც ადგილი არ ექნება.
ყველასთან გვექნება კონსულტაცია და არავის მივატოვებთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ ხორბლისა და ხორბალ-ჭვავის ფქვილის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და გატანა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იკრძალება. ფინანსთა სამინისტროს ბრძანებით, რომელსაც ხელს ივანე მაჭავარიანი აწერს, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორბლის შემოტანა და გატანა ნებადართული ხდება მხოლოდ სარკინიგზო გზითა და პორტების მეშვეობით. ცალკეულ შემთხვევებში კი შემოსავლების სამსახურის ნებართვით ხორბლის შემოტანა და გატანა შესაძლოა, სხვა ტიპის ტრანსპორტითაც განხორციელდეს. ბრძანება ძალაში 15 სექტემბრიდან შედის.
BM.GE უკვე წერდა, რომ ხორბლის იმპორტზე გარკვეული შეზღუდვების დაწესება იგეგმებოდა. სატვირთო ავტომობილის 100-მდე მძღოლმა მიმდინარე კვირაში აქციაც გამართა. მძღოლები BM.GE-სთან საუბარში ამბობდნენ, რომ გადაწყვეტილების მიზეზი რკინიგზის ლობირებაა და ის ქვეყანაში ხორბლის და შესაბამისად ფქვილისა და პურის გაძვირებას გამოიწვევს.
საქართველოში ხორბლის იმპორტის უდიდესი წილი რუსეთზე მოდის.