ბოლო პერიოდის განმავლობაში, ინვესტორების განწყობის გაუარესების ფონზე, ევროპულ საფონდო ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია შეინიშნება. გასულ კვირას დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, ძირითადი ევროპული ინდექსების, მათ შორის: Stoxx 600-ის, DAX-ის და FTSE 100-ის შეფასება საშუალოდ 4-5%-ითაა შემცირებული.
ევროპული ბაზრების დაღმასვლა პირდაპირ კავშირშია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სავაჭრო ომის წამოწყებასთან, რომელიც ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს. მართალია, ამ საკითხზე დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი იმისა, რომ ვაშინგტონი ევროპას სავაჭრო ბარიერებს დაუწესებს, თავად ევროპული სახელმწიფოები კი აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიიღებენ, ანუ მივიღებთ სავაჭრო ომს, რომელიც არც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება დადებითად და არც კორპორაციული სექტორის შემოსავლებზე.
ამასთან, სავაჭრო ომის პერსპექტივა ინფლაციის დაჩქარების და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების რისკებს ზრდის, ეს მოცემულობა კი ინვესტორების განწყობაზე ნეგატიურად აისახება.
ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტორი, რომელიც ევროპისათვის მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად რჩება და ამ კონფლიქტთან დაკავშირებით ჯერაც არაფერია დადასტურებული და ისიც კი არ ვიცით, შეძლებენ თუ არა მხარეები სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას.
როგორც წესი, ინვესტორებს გაურკვევლობა და მერყეობა არ უყვართ, ამჟამად მსოფლიოში არსებულ ვითარებას კი რთულია სტაბილური ან განჭვრეტადი ვუწოდოთ, სწორედ ამიტომ საფონდო ბირჟა ეცემა.