მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გადაწყვიტა Apple-მა Anthropic AI-სთან თანამშრომლობა?

anthropic
BM. GE
03.07.25 00:50
461

Apple-ი განიხილავს OpenAI-სა და Anthropic-თან თანამშრომლობას, რათა Siri-ს განახლებულ მოდელში დიდი ენების მოდული ჩააშენოს და ამ გზით მაინც გაამართლოს ის მოლოდინები, რომლებიც ბევრ მომხმარებელს 2024 წლის WWDC-ზე გაჟღერებული დაპირების შეუსრულებლობით გაუცრუა.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლებმა ChatGPT-სა და Claude-ს შემქმნელ წარმატებულ სტარტაპებს საკუთარი მოდელების Apple-ის სისტემისთვის მორგება სთხოვეს. თუ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, ეს მნიშვნელოვნად შეცვლის Apple-ის აქამდე გაჟღერებულ მიდგომას, რომ კომპანია ხელოვნური ინტელექტის სხვა მოდულებს საკუთარ Apple Intelligence-თან არ დააკავშირებდა და თუ სხვა მოდულებს დაუშვებდა, მათ კომპანიასთან პირდაპირი კავშირი არ ექნებოდათ.

წამყვან სტარტაპებთან მოლაპარაკებების დაწყებით 3-ტრილიონიანმა ტექ-გიგანტმა აღიარა ის ჩამორჩენა, რომელიც Siri-ს მოდულს ChatGPT-სა და Google Assistant-თან შედარებით ჰქონდათ. თავის მხრივ, ამ აღიარებამ Apple-ის რეპუტაციაზე არც ისე დადებითად იმოქმედა, რადგან დადასტურდა, რომ კომპანიამ 2024 წლის პრეზენტაციაზე როგორც აქციონერები, ისე მომხმარებლები მოატყუა და ის სულაც არ იყო მზად 2025 წლის დასაწყისისთვის Apple Intelligence-ის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტის, “LLM Siri”-ს გამოსაშვებად. ამჟამად, ტექ-გიგანტი საკუთარი მოდელის გამოქვეყნებას 2026 წლისთვის აანონსებს და დებს პირობას, რომ პროგრამის ახალი ხელმძრვანელის, მაიკ როკველის დახმარებით კომპანია “Siri”-ს უმნიშვნელოვანეს განახლებას საბოლოოდ გამოუშვებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Apple-ის გადაწყვეტილება, საკუთარი AI-ასისტენტის შექმნაში მესამე მხარე ჩართოს, ტექ-გიგანტის აქამდე არსებული სტრატეგიის ცვლილებას ადასტურებს. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ახალი აქტორების შემოყვანით კომპანია უსაფრთხოებისა და დაცულობის იმ მასშტაბს ვეღარ შესთავაზებს, მომხმარებელს, როგორზე პრეტენზიაც Apple-მა WWDC-ზე გააჟღერა. მართალია, OpenAI-სა და Anthropic-თან თანამშრომლობის დაწყებით კომპანიამ დაადასტურა მომხმარებლებისა და ინვესტორების მოტყუება, თუმცა ბირჟაზე ტექ-გიგანტის აქციების ფასები მაინც გაიზარდა 2%-ით. მიზეზი მარტივია - თუ აქამდე კომპანია ვერავითარ დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებდა, ორი წარმატებული სტარტაპის ჩართვით აქციონერები იმაში მაინც დარწმუნდნენ, რომ პროცესი დაიძრება და ხელშესახები შედეგი 2026 წლისთვის მაინც დაიდება.

OpenAI-სა და Anthropic-თან მოლაპარაკების დაწყებულია, თუმცა რთულია ახლა იმის თქმა, რა შედეგებს დადებს სამი აქტორის თანამონაწილეობა. ფაქტია, რომ Apple-ი ბაზრის მოთხოვნებს ჩამორჩა და თუ კომპანია Siri-ს ახალი მოდულის გამოქვეყნებას 2026 წლისთვის მაინც ვერ მოახერხებს, ეს კომპანიის დაზიანებულ რეპუტაციას დამატებით დაარტყამს. მსგავს დარტყმებზე კი, როგორც ცნობილია, ბირჟა საკმაოდ მკაფიოდ რეაგირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები