მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იზრდება ამერიკული საფონდო ბირჟა რეკორდულად?

უოლ-სტრიტის ხარი

ნიუ-იორკში, უოლ-სტრიტზე მდებარე „მძვინვარე ხარი“ თავის საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა - შიშის, გაურკვევლობის, ომების, სანქციების, ტარიფებისა და პანიკის მიუხედავად, ამერიკულმა კაპიტალისტურმა სულმა მორიგი გამარჯვება იზეიმა, რადგან მიმდინარე კვირას საფონდო ბირჟა აღმასვლის რეკორდულ დინამიკას დაუბრუნდა.

ფინანსური ოპტიმიზმისა და თავისუფალი სამყაროს კეთილდღეობის სიმბოლო ისევ ისეთი გაშმაგებითა და ჟინით შესცქერის მომავალს, როგორც ეს უოლ-სტრიტის სახეს შეეფერება. ის ახლა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს, რადგან ამჯერად მას საუკუნის ყველაზე მძლავრი ტექნოლოგია - ხელოვნური ინტელექტი უმაგრებს ზურგს.

სწორედ ხელოვნური ინტელექტია ის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი, რომლის წყალობით, ამერიკული საფონდო ბირჟა ახალ მწვერვალებს აღწევს, რადგან ყველა კარგად ხვდება, რომ AI სამყაროს სამუდამოდ შეცვლის, ამ საუკუნო ცვლილების პიონერები კი, რა თქმა უნდა, Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ტექნოლოგიური გიგანტები იქნებიან.

ფრონტის წინა ხაზზე, ტრადიციულად, Nvidia-ს, Microsoft-ს, Amazon-ს, Meta-ს, Google-სა და Tesla-ს ვხედავთ, რომელთაც მთავარ ამოცანად სწორედ AI-რევოლუციის მოწყობა აქვთ დასახული.

არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, ინვესტორები ფიქრობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი ხარჯების ოპტიმიზებას, პროდუქტიულობის გაზრდას და მეტი დოვლათის შექმნას შეძლებს, ეს მოლოდინი კი ტექნოლოგიური ინდექსის შეფასებაზე, რა თქმა უნდა, პოზიტიურად აისახება.

ამასთან, ფაქტობრივად დასრულებულია შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის სამთავრობო ვალი რეკორდულად იზრდება, რადგან ამერიკის მთავრობას დეფოლტი არასოდეს განუცდია და ის არც მომავალში აპირებს ეკონომიკურ სუიციდზე ხელის მოწერას. თანაც, გულის სიღრმეში ყველამ კარგად ვიცით, რომ ფედერალურ რეზერვს დოლარი ვერასოდეს დაუმთავრდება, რადგან ის თვითონაა მისი გამომშვები - დოლარის ჰეგემონიის აღსასრული კი ჰორიზონტზე ჯერაც არ ჩანს.

აგრეთვე დასრულებულია სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მეტოქეები ამერიკას სამხედრო თვალსაზრისით მოუღებენ ბოლო. B-2-ის ტიპის ბომბდამშენების დამანგრეველი ძალის დემონსტრაციით პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთხელ შეახსენა სამყაროს, თუ რატომ აქვს ამერიკას ზესახელმწიფოს სტატუსი და რატომ ხარჯავს ის ყოველწლიურად ლამის ტრილიონ დოლარს თავდაცვაზე. ფაქტია, რომ ამერიკას მთელი მზის სისტემის მოსასპობად საკმარისი იარაღი აქვს, ეს კი იმის გარანტიას იძლევა, რომ მას პირდაპირ ვერავინ დაუპირისპირდება, რადგან ეს აგრესორი სახელმწიფოს მხრიდან გარდაუვალი თვითგანადგურების კონტრაქტზე ხელის მოწერა იქნება.

ასეთი შეიარაღება, ეკონომიკური სიძლიერე, დემოკრატია, ინოვაციურობა და უსასრულო კაპიტალი ამერიკას ჭეშმარიტ გეოპოლიტიკურ ჰეგემონად აქცევს, ინვესტორებს კი, ბუნებრივია, საუკეთესოს არჩევა უყვართ, ამიტომაც წლის დასაწყისში შიშით გაქცეული კაპიტალი ახლა თავჩახრილი და დარცხვენილი უბრუნდება უოლ-სტრიტს, რადგან უკვე ყველასათვის ცხადია, რომ ვაშინგტონი პირველობას არავის დაუთმობს და ამერიკის წინააღმდეგ ფსონის დადება, როგორც უორენ ბაფეტი ამბობს, უბრალოდ ირაციონალურია.

დასრულებულია ძლევამოსილი ირანის ნარატივიც, აზრს მოკლებულია რუსეთის მზარდ აგრესიაზე დარდიც, უაზრობაა ჩინეთის შიშიც, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ პეკინსა და ვაშინგტონს შორის სავაჭრო შეთანხმება მიღწეულია.

ინვესტორებს აღარც ფედერალური რეზერვი აშინებთ, რადგან უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ ამერიკაში მონეტარული პოლიტიკა მალე დაიწყებს შემსუბუქებას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უოლ-სტრიტის ხარის გამჩერებელი უკვე აღარაფერია და ამიტომაც ჩაგვესმის ასე ხმამაღლა მისი მრისხანე ფშინვა.

შიშის და სკეპტიციზმის მიუხედავად, ფაქტია, რომ ვერც გეოგრაფიული დივერსიფიკაცია, ვერც დოლარის დასუსტება, ვერც ტრამპის სატარიფო ომი, ვერც ჩინეთი და ვერც საერთაშორისო კონფლიქტი ამერიკული ტექნოლოგიური სექტორის შეუპოვარ პროგრესს ვერ აჩერებს. პლანეტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, სილიკონის ველმა და უოლ-სტრიტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ კაცობრიობა წინსვლას არასოდეს შეწყვეტს და ამ პროგრესის სათავეში სწორედ ამერიკა იქნება, ისევ როგორც - ყველაფერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები