გლობალური ტექნოლოგიური გიგანტი, OpenAI თავის პირველ მოწყობილობაზე Apple-ის სახელგანთქმულ დიზაინერ ჯონი აივთან ერთად მუშაობს. კომპანია დიდი ხნის განმავლობაში არ ასაჯაროებდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა დანიშნულება ექნებოდა ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ ახალ მოწყობილობას და არც ის იყო ცნობილი, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა მისი ტარება ტელეფონის ან ყურსასმენის მსგავსად.
თუმცა საკითხს ნათელი სულ ცოტა ხნის წინ მოეფინა, როცა ყურსასმენების მწარმოებელმა კომპანია Iyo-მ OpenAI-ს სასამართლოში უჩივლა. Iyo-ს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ტექ.გიგანტის ახალი გამოგონების სახელი IO შემთხვევით არ არის შერჩეული და OpenAI Iyo-ს ბრენდის ნიშნების გამოყენების უფლებას არღვევს. მათი ვარაუდით, კომპანიას სურს მომხმარებლების დაბნევა და კონკურენტის “ჩაძირვა”.
როგორც სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტებით გახდა ცნობილი, OpenAI-მ IO-ზე მუშაობისას Iyo-სგან ახალი პროდუქტის დემო ვერსია ითხოვა. სავარაუდოდ, სწორედ მაშინ უნდა გაჩენილიყო კონკურენტის სახელის გამოყენების იდეა.
თავის მხრივ, OpenAI-ს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ Iyo-ს ბრალდება ბრენდის ნიშნების გამოყენების წესის დარღვევის შესახებ უსაფუძვლოა, რადგან IO, განსხვავებით Iyo-ს პროდუქტებისგან, არ იქნება ყურსასმენის მსგავსი სატარებელი მოწყობილობა, მით უმეტეს, ყურსასმენი. ამასთან, როგორც კომპანიის ადვოკატებმა სასამართლოში განაცხადეს, საბოლოო დიზაინზე მუშაობა ახლაც არ არის დასრულებული და შეუძლებელია, OpenAI-ს ვინმესგან ბრენდის ნიშნები მოეპარა.
მხარეების პოზიციების მოსმენის შემდგომ მოსამართლემ OpenAI-ს დროებით აუკრძალა საჯარო სივრცეში IO-ს დასახელების გამოყენება.
უცნობია, როგორი იქნება კალიფორნიის სასამართლოს საბოლოო ვერდიქტი, თუმცა რაც დანამდვილებით ვიცით არის ის, რომ მიმდინარე დავამ ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ კითხვას გასცა პასუხი - გამოგონება, რომელზედაც OpenAI მუშაობს და რომლის პრეზენტაციაც 2026 წელს იგეგმება, არ იქნება ტელეფონივით სატარებელი მოწყობილობა. სხვა მხრივ, ინფორმაცია კვლავ მწირია, თუმცა ეს სიახლე უკვე გახდა საერთაშორისო განხილვის საგანი.