„ნაკლები რეგულაცია და მეტი თავისუფალი ბაზარი – ასე თუ შევძლებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას“, – ეს არის მთავარი დასკვნა, რასაც ფინანსისტი ირაკლი ერაძე „ანალიტიკასთან“ საუბარში აკეთებს.
ის სხვა მთავარ ბარიერებსაც ასახელებს, რაც ქვეყნის ეკონომიკას ორნიშნა ზრდის მიღწევაში უშლის ხელს.
„პირველი ეს არის რეგიონი. ეს მთავარია, რასაც ვერ შევცვლით. ობიექტური გარემოებაა“, – ამბობს ირაკლი ერაძე.
ფინანსისტის თქმით, შემდეგ უკვე მოდის სუბიექტური გარემოებები, რის წყაროც ძირითადად მთავრობა და ხელისუფლებაა.
„მეტი რეგულაცია ანელებს ბიზნესს, ფინანსებთან წვდომის შეზღუდვა ანელებს ეკონომიკას და ა.შ.“, – აცხადებს ირაკლი ერაძე.
ფინანსისტი ამბობს, რომ მხოლოდ მთავრობა არ არის პასუხისმგებელი დაბალ ეკონომიკურ ზრდაზე.
„კერძო სექტორშიც ჭირს პროფესიონალიზმი. ესეც შესაბამისად, ხელს უშლის ეკონომიკის ზრდას ისე, როგორც მე მინდა. მაგრამ მთავარი ფაქტორი, მთავარი და უმთავრესი მაინც – ვერ მოვახერხეთ ჩვენ ამ 30 წლის განმავლობაში, რომ ნამდვილ საბაზრო ეკონომიკაზე გადავსულიყავით“, – აღნიშნავს ერაძე.
შეგახსენებთ, რომ საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში ქვეყნის ეკონომიკა 6.7%–ით გაიზარდა.