მოქნილობა, ღიაობა და კონკურენტუნარიანობა - ეს ის სამი მახასიათებელია, რომლებიც ავსტრალიამ თავისი ეკონომიკის საკეთილდღეოდ ყველაზე ეფექტურად გამოიყენა.
ავსტრალია დახვეწილი ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურებით, ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის Better Life Index-ის რეიტინგში, წლების განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებდა. ქვეყნის მოსახლეობის 84% კი, პოზიტიურადაა განწყობილი ქვეყნის პოლიტიკური თუ ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ. ავსტრალიის მთლიანმა შიდა პროდუქტმა ერთ სულ მოსახლეზე, მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2012 წელს 44 ათას 462 დოლარს მიაღწია, ამ მაჩვენებლით კი იმ დროისთვის ქვეყანა მთელ მსოფლიოში მეცხრე ადგილს, ხოლო ყველაზე მზარდი ეკონომიკის ქვეყნებს შორის ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ადგილს იკავებდა.
ავსტრალია განვითრებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, აქტიური საგარეო ვაჭრობითაც გამოირჩევა. სასაქონლო ექსპორტი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 20% -ს შეადგენს. კერძოდ, სოფლის მეურნეობის პროდუქციის 70%, მათ შორის რძე, ხორცი და სხვა საქონელი, საზღვარგარეთ იყიდება. ასევე ექსპორტირებულია მინერალური ნედლეულის 80%–იც, რითაც ავსტრალია ნამდვილად მდიდარია. ქვეყანაში დიდი ყურადღება ექცევა ბუნებრივი რესურსების რაც შეიძლება რაციონალურად გამოყენებას. არსებობს ურანის, ოქროს, რკინის, ტიტანის, ქვანახშირის, სპილენძის, ნიკელის, ტყვიისა და თუთიის საბადოები. სწორედ ამიტომ ავსტრალიას ხშირად მსოფლიოს სიმდიდრესაც უწოდებენ.
“ის წარმატებული ცვლილებები რაც ავსტრალიის ეკონომიკაში განხორციელდა, ამტკიცებს რომ ქვეყანა ინვესტიციების ბუმის ახალ ეტაპზე გადადის” - ამბობს ავსტრალიის მთავარი ფინანსისტი სკოტ მორისონი. რომელიც აღნიშნავს, რომ ავსტრალიის ეკონომიკას ბუნებრივი რესურსების სიმდიდრემ მისცა საშუალება გაეგრძელებინა 25 წლიანი სერია, რეცესიის გარეშე. უწყვეტი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით კი ავსტრალია ჰოლანდიის რეკორდსაც მიუახლოვდა. ასევე სწრაფი ზრდა შეინიშნება სოფლის მეურნეობაშიც.
რაც შეეხება რკინის და ნახშირის ექსპორტს, ამ მხრივ ავსტრალია უპირობო ლიდერია. წლების მანძილზე ავსტრალიისთვის ჩინეთი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო. თუმცა ბოლო პერიოდში ჩინეთის მოთხოვნა, ენერგო–რესურსებზე აღარ არის ისეთი ჭარბი, როგორიც ეს 20 წლის მანძილზე იყო. ანუ ჩინეთიდან შემცირებულმა მოთხოვნამ გარკვეულწილად ზიანი მიაყენა ავსტრალიის ეკონომიკას.
ავსტრალიის მთლიანი შიდა პროდუქტის 70,3%, მომსახურების სფეროზე მოდის. მნიშვნელოვან მიმართულებებად კი ტურიზმი და განათლება სახელდება. მაგალითად, 2008 წელს შეიძლება ითქვას, ქვეყნის მთლიან შემოსავლებში განათლებიდან მიღებულმა შემოსავლების წილმა, ტურიზმის წილს მნიშვენლოვნად გადააჭარბა. ხოლო ქვეყანაში არსებულ 40 უნივერსიტეტში დაახლოებით 600 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. სწავლების საფასური კი, აშშ-სა და გერმანიასთან შედარებით 40%-ით ნაკლებია.
ავტრალიის ბუნება ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს, მათი რიცხვი ჯერ კიდევ 2012 წელს 5 მილიონს გაუტოლდა, ხოლო ბოლო მონაცემებით, მათი რიცხვი 9 მილიონს აჭარბებს. ეს რიცხვი კი წლიდან წლამდე იზრდება. ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, განათლების ექსპორტი და ტურიზმის მზარდი როლი მთლიან ეკონომიკაში, ამ მიდგომებით ავსტრალია მუდმივი განვითარების გზას უკვე წლებია ადგას.