ბიზნესმენმა და მეცნიერმა, კომპანია ,,ჩირინას“ დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ, ახალი ტექნოლოგიით ხელოვნური ბალახის წარმოება დაიწყო, რომელიც ცხოველების საკვებად გამოიყენება. როგორც ბიზნესმენმა Bm.ge-ს განუცხადა, პროექტს ებრაელ პარტნიორებთან ერთად ამჟამად ისრაელში ახორციელებს და საქართველოში ამ ტექნოლოგიას მომავალი წლიდან დანერგავს. ახალი ტექნოლოგიის შექმნაზე პარტნიორებმა უკვე განახორციელეს 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია.
"ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა ამ მიმართულებით ებრაულ კომპანიასთან "აგრო ტოპი“. ძირითადი არსი ამ პროექტისა არის ის, რომ მიღებული გვაქვს ხელოვნური ბალახი, მიწის გარეშე. თანამედროვე ტექნოლოგიით მივიღებთ ბალახს, რომელიც შემდეგ შინაური ცხოველების და ფრინველის - ძროხების, ღორების, ქათმის საკვებად გამოიყენება. ჩვენი დათვლით 500 კვადრატულ მეტრზე შეგვიძლია მოვიყვანოთ იმდენი ბალახი, რაც გამოკვებავს 50 ძროხას. ძალიან ბევრ ქვეყანაშია საკვების პრობლემა, განსაკუთრებით სამხრეთის ქვეყნებში, სადაც კლიმატური პირობების გამო ბალახი ვერ მოჰყავთ. ამ ტექნოლოგიის თანახმად, გარკვეულ ტერიტორიაზე, დახურულ სივრცეში, იქმნება ხელოვნური კლიმატი, სადაც ხდება ბალახის მოყვანა.
ამ მეთოდს ეწოდება აეროპონიკა, რაც ითვალისწინებს იმას, რომ მცენარეს კვებავ არა ფესვების საშუალებით, არამედ ჰაერით. ეს ტექნოლოგია ერთობლივად შევქმენით მე და ებრაელმა პარტნიორებმა და მასში უკვე 5 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ჩავდეთ.
პროექტი ჯერ-ჯერობით ისრაელში მიმდინარეობს და სავარაუდოდ მომავალ წელს ამ ტექნოლოგიას საქართველოშიც დავნერგავთ. ჩვენ ამ მეთოდს შევთავაზებთ ფერმერებს და დაინტერესებულ კომპანიებს, ვისაც სურთ მთელი წლის განმავლობაში მწვანე საკვების წარმოება“ - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.