მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რეჟიმის სპონსორი "ბიზნესმენების" კორუფციულ გარიგებებში მხილებისთვის უფრო ვიაქტიურებ" - ქადაგიძე

ქადაგიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე მადლობას უხდის საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და ამბობს, რომ მისი მხრიდან უხერხულია ადმინისტრაციულ დევნაზე საუბარი, როცა ქვეყანას 60-მდე პოლიტპატიმარი ჰყავს.

"მეგობრებო, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი მიზეზის გარეშე, პირდაპირ დაკვეთით დამაკავეს (რისი ვიდეომასალაც არსებობს), უხერხულია ჩემი მხრიდან ვისაუბრო ადმინისტრაციული მუხლებით დევნაზე, როცა ქვეყანაში 60-მდე პოლიტპატიმარი გვყავს, შეკერილი სისხლის სამართლის საქმეებით გისოსებს მიღმა. აქვე მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება,

  • საპატრულო პოლიციაში და შსს უწყებაში ნამდვილად მუშაობს ბევრი პატიოსანი და წესიერი თანამშრომელი, რომელსაც ძალიან არ მოსწონს რაც დღეს ქვეყანაში ხდება.
  • - TV იმედი (იგივე ნადეჟდა) არის ბოროტების და სიძულვილის მანქანა, რომლის პროპაგანდის ეფექტურობას და მასშტაბს ბოლომდე ბევრნი ვერ ვიაზრებთ.
  • ჩემი აქტიურობა რიგითი დემონსტრანტის როლის გარდა, მიმართულია რეჟიმის სპონსორი “ბიზნესმენების” კორუფციული და ფავორიტული გარიგებების მხილებით, რომლებიც დაუმსახურებლად მდიდრდებიან კონკურენციის შეზღუდვით, მონოპოლიების, ოლიგოპოლიების, კარტელების ჩამოყალიბებებით, ბიუჯეტის მითვისებით და ეკონომიკის რუსიფიკაციით, შემდეგ კი მორალს გვიკითხავენ ბიზნესის ე.წ. ნეიტრალურობაზე. ამ მიმართულებით კიდევ უფრო ვიაქტიურებ", - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გიორგი ქადაგიძე დარბაზიდან გუშინ გაათავისუფლეს. მისი სასამართლო პროცესი 7 თებერვალს გაიმართება.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 2 თებერვალს საპროტესტო მსვლელობისას, სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და დუშეთის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. აღსანიშნია, რომ გიორგი ქადაგიძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით იყო დაკავებული.

166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს - საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს და 500-დან 1000 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ 15 დღემდე ვადით პატიმრობას გამოიწვევს.

173-ე მუხლი კი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას მოიცავს და 2000-დან 3000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები