თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, რიგ შემთხვევაში საჯარო უწყებების ავტოპარკი ამორტიზირებული და ძველია, ისევე, როგორც კერძო სექტორის ავტოპარკი. ამის შესახებ მან თბილისის მერიაში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ცნობილია, პირველი ივლისიდან ტექნიკური დათვალიერების გავლა სავალდებულო ხდება საჯარო და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტოპარკისთვის.
„მერისგან მოისმინეთ განცხადება, რომ წინასწარ შევემზადოთ ამ სისტემისთვის, რომ ყველა მანქანამ გაიაროს ტექდათვალიერება. რიგ შემთხვევაში ამორტიზირებული და ძველია საჯარო უწყებების ავტოპარკი, ისევე, როგორც კერძო სექტორის ავტოპარკი.
ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ აღიცხვა იმ მანქანებისა, რომლებითაც ჩვენი სამსახურები სარგებლობენ. რიგ შემთხვევაში, როდესაც ავტომობილები ექვემდებარებიან შეკეთებას, შეკეთდნენ. სხვა შემთხვევაში უნდა მოხდეს მათი ჩანაცვლება ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებით, რადგან ასეთი ავტომობილების გარემონტება ასევე ბევრ ხარჯთან არის დაკავშირებული და ორმაგად ზიანისმომტანია“,- აცხადებს მაია ბითაძე.