მთავრობის სარეზერვო ფონდიდან იუსტიციის სამინისტროს 3 292 200 დოლარის და 554 600 ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტი ლარი გამოეყო.
BM.ge-ის მიერ მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული თანხა წულუკიანის უწყებას მიმდინარე საქმეების და მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე საქმის - “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) ფარგლებში“, - იურიდიული მომსახურების შესყიდვის და სხვა ხარჯების დასაფინანსებლად გამოეყო.
2018 წლის 2 თებერვლით დათარიღებულ განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს.
„საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით სახელმწიფოს წარმომადგენლობის განხორციელების მიზნით, იურიდიული კომპანიებისგან იურიდიული მომსახურების შესყიდვის, შესაბამისი საარბიტრაჟო და სასამართლო ხარჯების, მოწმეებისა და უცხოელი ექსპერტების საარბიტრაჟო და სასამართლო პროცესში მონაწილეობის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე საქმის - “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) ფარგლებში“, - იურიდიული მომსახურების შესყიდვის და აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებული სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და საქართველოს კანონმდებლობით მასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყოს 292 200 დოლარის და 554 600 ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტი ლარი“, - წერია განკარგულებაში.