გლობალური ინვესტორებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების მონეტარულ პოლიტიკას უკავშირდება. ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, თუ როდის შეამცირებს ფედერალური რეზერვი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს.
საქმე ისაა, რომ FED-ის ხელმძღვანელობას სამომავლო სტრატეგიასთან დაკავშირებით ღიად საუბარი კანონმდებლობით აკრძალული აქვს, ამიტომ ჯერომ პაუელი ვერასოდეს იტყვის იმას, თუ რას გააკეთებს ფედერალური რეზერვი წინასწარ, ამიტომ ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, თუმცა არსებობს გარკვეული მინიშნებები, რომელსაც ინვესტორები ყურადღებით აკვირდებიან.
ცოტა ხნის წინ, საჯაროდ გამოსვლისას ჯერომ პაუელმა „არ გამორიცხა“ მიმდინარე თვეს, ანუ ივლისში განაკვეთის შემცირება, რაც აქამდე მოულოდნელი იყო და საბაზისო სცენარს არ წარმოადგენდა.
როგორც ჩანს, გეოპოლიტიკური რისკების შემცირება, აშშ-ის მთავრობის მიერ სავაჭრო შეთანხმებების გაფორმება და დასტაბილურებული ინფლაცია ფედერალურ რეზერვს უკვე აძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების პროცესი დააჩქაროს და წელს იმაზე დაბლა დასწიოს განაკვეთი, ვიდრე ეს აქამდე იყო განსაზღვრული.
ცნობისთვის გეტყვით, რომ FED-ის განაკვეთი ამჟამად 4.25-4.50%-ის ფარგლებშია და თუ პაუელის მინიშნება გამართლდება, ეს ამერიკული საფონდო ბირჟისათვის აღმასვლის ძლიერი ბიძგის მიმცემი იქნება.
აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტ ტრამპს პაუელის უწყების დაჩქარება და განაკვეთის 1%-მდე შემცირება სურს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტს ფედერალური რეზერვის დაჩქარების საშუალება არ აქვს, რადგან FED-ის დამოუკიდებლობა და ზეპოლიტიკურობა ამერიკის კონსტიტუციით არის გარანტირებული.