ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩეხეთი ევროპული ენერგოუსაფრთხოების ტრანსფორმაციის მოდელად იქცა. რუსეთზე ისტორიულად დამოკიდებულმა ქვეყანამ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რადიკალური ნაბიჯები გადადგა და ამ პერიოდში საკუთარი ენერგოუსაფრთხოება ფუნდამენტურად გარდაქმნა.
2021 წლისთვის ჩეხეთის გაზმომარაგების 98% რუსეთიდან შემოდიოდა. Gazprom-ი და Rosneft-ი ჩეხურ ბაზარზე მონოპოლისტები იყვნენ, რაც ქვეყნისთვის როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ რისკებს ქმნიდა.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ პრაღას აჩვენა, რომ კრემლის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება ეროვნული უსაფრთხოებისთვის გამოწვევას წარმოადგენდა. ამ რეალობის წინაშე აღმოჩენილმა ჩეხეთის მთავრობამ ბოლო პერიოდში არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადადგა და თავი მრავალწლიანი მარწუხებისგან გაითავისუფლა.
საწყის ეტაპზე, ჩეხეთმა ხელშეკრულებები გააფორმა ნიდერლანდებსა და ბელგიასთან თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით. ამასთან, ქვეყანამ როტერდამის ტერმინალში სიმძლავრეები შეისყიდა, რათა ალტერნატიული მომწოდებლებისგან (აშშ, კატარი, ალჟირი) გაზის შეძენა უზრუნველეყო.
ამის ფონზე, პრაღამ გერმანიასთან ენერგოპარტნიორობა გააღრმავა და მილსადენების გამტარუნარიანობა გაზარდა. ისტორიაში პირველად, ჩეხეთმა გაზი ევროპისგან მიიღო.
2023 წელს ქვეყანამ რუსული ნავთობის შესყიდვა შეწყვიტა და კასპიურ და ნორვეგიულ ნავთობზე გადავიდა, რომელიც მას ტრანსალპური მილსადენით მიეწოდება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბირთვული საწვავის დივერსიფიკაცია. ჩეხეთის მთავარი ატომური ელექტროსადგური ახლა ამერიკულ Westinghouse-ისა და ფრანგული Framatome-ის საწვავს იყენებს რუსულის ნაცვლად. პარალელურად, ქვეყანამ მკვეთრად გაზარდა ინვესტიციები განახლებად ენერგიაში.
ჩეხეთის ტრანსფორმაციის შედეგები ნამდვილად შთამბეჭდავია: 2024 წლისთვის ქვეყანამ სრულად შეწყვიტა რუსული გაზის იმპორტი; Rosneft-ის ნავთობის წილი 90%-ით შემცირდა, ხოლო ბირთვული საწვავის სრული ჩანაცვლება 2026 წლისთვის დასრულდება.
ჩეხეთის გამოცდილება მკაფიოდ აჩვენებს, რომ ენერგოდამოუკიდებლობა მიღწევადია, როცა არსებობს ამის პოლიტიკური ნება და სტრატეგიული ხედვა. დღეს ჩეხეთი ევროპაში ენერგეტიკული ტრანსფორმაციის მოდელს წარმოადგენს და ნათელი მაგალითია, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა არა მხოლოდ პოლიტიკური ლოზუნგი, არამედ რეალისტური და მიღწევადი მიზანია.