ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებით გამორჩეული 2017 წლის შემდგომ, გლობალური ზრდა 2018 წლის მეორე ნახევარში შესუსტდა. აღნიშნული მეტად შესამჩნევი იყო განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, მათ შორის ევროზონასა და დიდ ბრიტანეთში მაშინ, როდესაც მზარდ და განვითარებად ქვეყნებში ზომიერად მაღალი ზრდა შენარჩუნდა. გამონაკლისი იყო აშშ-ის ეკონომიკა, სადაც ძლიერი ფისკალური სტიმულის ზეგავლენით ეკონომიკური აქტივობა საკმაოდ გაიზარდა. თუმცა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) შეფასებით, აშშ-სა და მის სავაჭრო პარტნიორებს მიმდინარე „სავაჭრო ომი“ მასში მონაწილე მხარეებისთვისა და, საზოგადოდ, მსოფლიო ეკონომიკისთვის გარკვეულ საფრთხეებს ქმნის, რის გამოც ამ უკანასკნელის ზრდის პროგნოზი 2018- 2019 წლებში 3.7%-ს შეადგენს და სსფ-ის მიერ 2018 წლის აპრილში გაკეთებულ პროგნოზს 0.2 პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება.
საქართველოს ეკონომიკა არსებითადაა დამოკიდებული მის სავაჭრო პარტნიორებში მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებზე. ამ მხრივ განსაკუთებით გამოსაყოფია თურქეთში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, რის გამოც მნიშვნელოვნად შემცირდა ამ ქვეყნიდან საქართველოში მომდინარე სავაჭრო და სხვა ფინანსური შემოსავლები. უკანასკნელი მონაცემებით, თურქეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შეიკვეცა მესამე კვარტალში, რასაც თან სდევდა სამომხმარებლო და ბიზნეს განწყობების გაუარესება. თურქეთის ცენტრალური ბანკის პოლიტიკის ირგვლივ არსებულ გაურკვევლობასა და ჭარბ ფისკალურ სტიმულს თან დაერთო აშშ-ის მიერ ტარიფების შემოღება თურქულ ფოლადზე, რამაც ადგილობრივი ვალუტა მნიშვნელოვნად გააუფასურა (დაახლოებით 30%- ით აგვისტოში), ხოლო წლიურმა ინფლაციამ კი სექტემბერში 25%-ს მიაღწია. სსფის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში არსებული გამოწვევები მეტწილად შენარჩუნდება, რის გამოც რეალური მშპ-ის ზრდა მნიშვნელოვნად, თითქმის 1 პპ-ით, 3.5%-მდე, შემცირდება წინა შეფასებასთან შედარებით, ხოლო 2019 წლის ზრდა კი 0.4%-ზე განისაზღვრა. რაც შეეხება ინფლაციას, მისი ნორმალიზაციის პროცესი ხანგრძლივი იქნება - სსფ-ის იმავე პროგნოზით 2018-2019 წლების საშუალო ინფლაცია 15-16%-ის ფარგლებში იქნება.
თურქეთის მსგავსად, თუმცა ნაკლები მოცულობით, შესუსტებულია სავაჭრო, ტურისტული და ფულადი გზავნილების არხებით მიღებული შემოსავლები რუსეთიდან, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია რუბლის გაუფასურებით, ქვეყნის ირგვლივ არსებული არასახარბიელო ვითარების ფონზე. კერძოდ, აგვისტო-სექტემბერში აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი სანქციებისა და, თურქეთის ეფექტით განპირობებული, მზარდი ეკონომიკების ფინანსურ ბაზრებზე დაწყებული მერყეობის გამო რუბლი გაუფასურდა დაახლოებით 10%-ით. თუმცა გაცვლითი კურსი შემდგომ შედარებით დასტაბილურდა, რასაც ხელი შეუწყო ნავთობის საერთაშორისო ფასის ზრდის ტენდენციამ და რუსეთის ცენტრალური ბანკის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ. მომავალ წელს დაგეგმილი დღგ-ის განაკვეთის ზრდისა და გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესაძლო გამწვავების გამო, რუსეთის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა საკმაო გაურკვევლობას შეიცავს. სსფ-ის მიმდინარე შეფასებით, 2018-2019 წლების საშუალო ზრდა 1.75% იქნება, თუმცა ინფლაცია ძირითადად მიზნობრივ მაჩვენებელთან (4%) ახლოს შენარჩუნდება.
უკრაინის ეკონომიკის გაჯანსაღება გაგრძელდა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, კერძოდ, მზარდი ფისკალური დანახარჯებისა და გაუმჯობესებული შრომის ბაზრის ფონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა სამომხმარებლო დანახარჯები. თუმცა, მძიმე გეოპოლიტიკური ვითარებისა და სტრუქტურული რეფორმების ირგვლივ არსებული გაურკვევლობის პირობებში 2018-2019 წლების ეკონომიკური ზრდა, სსფ-ის მიმდინარე შეფასებით, კვლავ დაბალია - 3%-ის ფარგლებში, ინფლაციის პროგნოზი კი მაღალი რჩება - 10%-ის ფარგლებში, გაუფასურებული ადგილობრივი ვალუტის ფონზე. ახალი ხელისუფლების პირობებში შეკვეცილი სახელმწიფო დანახარჯების ფონზე, სომხეთის ეკონომიკური ზრდა მაინც სოლიდურად გამოიყურება რუსეთიდან მომდინარე სტაბილური ფულადი გზავნილების, შერბილებული მონეტარული პოლიტიკისა და გაზრდილი დაკრედიტების წყალობით. სსფ-ის პროგნოზი 2018-2019 წლების რეალური მშპ-ის ზრდისთვის 5%-ის ფარგლებშია, ხოლო ინფლაციისთვის კი - 4%-ის ფარგლებში.
აზერბაიჯანის ეკონომიკა ზომიერად იზრდება და ეტაპობრივად იწყებს გაჯანსაღებას, რასაც ნაწილობრივ ხელს უწყობს ნავთობის საერთაშორისო ფასის დინამიკა. ამასთან, წლის დასაწყისიდან ასევე მნიშვნელოვანი იყო არასანავთობო სექტორის აქტივობაც. სსფ-ის შეფასებით, რეალური მშპ-ის ზრდა 2018-2019 წლებში საშუალოდ 3%-ს შეადგენს, ხოლო ინფლაცია კი - 3.4%-ს