მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა გაყიდოთ პროდუქცია Amazon-ზე ქართული კომპანიის დახმარებით

5af9a2729d0d7
მაია ბიწაძე
14.05.18 20:30
2612
საქართველოდან პროდუქციის Amazon -ის საშუალებით გაყიდვაში მსურველებს Amazon export hub-ი დაეხმარება. კომპანია საქართველოში სამი თვეა ფუნქციონირებს და დაინტერესებულ პირებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას სთავაზობს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ლევან მოლაშვილმა ,,საქმის კურსის“ ეთერში განაცხდა, მათ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები მიმართავენ, ვისაც Amazon -ის საშუალებით პროდუქტების გაყიდვა სურთ.

"ჩვენი მიზანია, რომ ქართველ მომხმარებელში Amazon გახდეს პოპულარული, როგორც არამხოლოდ გამომწერი სისტემა, არამედ პლატფორმა, სადაც შესაძლებელია პროდუქცია მსოფლიოს ასობით მილიონიან აუდიტორიას წარუდგინოთ. ჩვენ ვასწავლით მათ ამ პლატფორმის გამოყენებას.

სწავლება ორ ეტაპიანია, რაც მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ მხოლოდ თეორიის სწავლა არ არის საკმარისი, ამიტომ ამ ნაწილის შესწავლის შემდეგ, პრაქტიკულად ვეხმარებით დაინტერესებულ პირებს, რომ მათ გაიტანონ თავისი პროდუქცია Amazon პლატფორმაზე.

უფრო ხშირად ის ადამიანები მოგვმართავენ, ვინც ხელნაკეთი ნივთებით არიან დაინტერესებული. ამაზონს აქვს ცალკე მიმართულება - Amazon Hand Made რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ Amazon საშუალებით გაიტანოთ გასაყიდად თქვენი ხელნაკეთი ნივთები, უბრალოდ უნდა მოიპოვოთ ეს სტატუსი, რისთვისაც მცირედი პროცედურების გავლაა საჭირო. მესამე კატეგორიაა ადამიანები, რომლებიც არიან მცირე მეწარმეები, საქართველოში ამზადებენ პროდუქტს და სურთ ის წარუდგინონ მსოფლიოს. ჩვენ თითოეულ მათგანს სიამოვნებით დავეხმარებით“ - განაცხადა ლევან მოლაშვილმა.

მისივე განმარტებით, Amazon-ით სარგებლობა ფინანსურად თითქმის ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია.

"არის გარკვეული გადასახადები ყოველთვიური, ეს არის 40 დოლარი, რასაც იხდის ადამიანი, რათა ჰქონდეს მას გამყიდველის ანგარიში; არის საწყობის გადასახადი, იმიტომ რომ თქვენი პროდუქტი ბითუმად იგზავნება Amazon საწყობში და იქ ინახება; თქვენ გაქვთ უფლება შექმნათ განცხადება Amazon-ზე და შემდგომში, ის თავად გაუგზავნის პროდუქციას მომხმარებელს“, - განაცხადა ლევან მოლაშვილმა.

მისი თქმით, Amazon export hub ეხმარება ადამიანებს ანალიზის გაკეთებაში, იქნება თუ არა მათი პროდუქცია მოგებიანი, თუ რა ტიპის პროდუქტი, რა მასალა, რა ბრენდი და მიმართულება შეიძლება იყოს Amazon-სთვის საინტერესო.

კომპანიამ საქმიანობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე დაიწყო და დღემდე 50-მდე ადამიანი გადაამზადა. ლევან მოლაშვილის განმარტებით, მათი პროდუქტები უკვე ჩასულია Amazon-ზე და ნელ-ნელა იწყება გაყიდვები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები