მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა მიიღონ 50%-იანი ფასდაკლება მედიკამენტებზე შშმ პირებმა და პენსიონერებმა?

5b8910af96f98
BM.GE
31.08.18 13:46
2056
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. 3 სექტემბრიდან მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ასაკით პენსიონერებიც ჩაერთვებიან. აღნიშნულ ჯგუფები ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო (23 დასახელების) მედიკამენტებს საბაზრო ღირებულების 50%-ი და მეტი ოდენობის ფასდაკლებით შეიძენენ.

მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად ბენეფიციარმა უნდა მიმართოს ოჯახის/სოფლის ექიმს ან ექიმ სპეციალისტს ფორმა N100-სა და რეცეპტის მისაღებად, შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში აღნიშნული დოკუმენტაციისა და პირადობის მოწმობის წარდგენით გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში. ბენეფიციარს შესაძლებლობა აქვს ერთჯერადად შეიძინოს მედიკამენტის მაქსიმუმ სამი თვის სამყოფი ოდენობა. 

ამ ეტაპზე მედიკამენტების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სააფთიაქო ქსელ PSP-ს შესაბამის ფილიალში, თუმცა უახლოეს მომავალში პროგრამაში ჩაერთვება სხვა სააფთიაქო ქსელებისა და აფთიაქების უმეტესობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსახლეობისათვის ამ მედიკამენტებზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას. 
ყველა პრეპარატი არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. 

„პროგრამის პირველი ეტაპი 2017 წლის მაისში დაიწყო, რომელიც მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე გავრცელდა. მათ ქრონიკულ დაავადებებების სამკურნალო მედიკამენტზე, კერძოდ 23 დასახელებაზე, მოეხსნა ფინანსური ბარიერი და მიეცათ შესაძლებლობა თვეში მაქსიმუმ 1 ლარად შეიძინონ აღნიშნული მედიკამენტები. მეორე ეტაპი კი წელს, აგვისტოს თვეში დაიწყო, როდესაც დიაბეტის მეორე ტიპის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ფასები მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქალაქისთვის განახევრდა. 3 სექტემბრიდან კი საპენსიო ასაკის მოსახლეობის და შშმ პირთა დანახარჯები ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებზე განახევრდება, ან გახდება მესამედი“ - დავით სერგეენკო.

ფასდაკლება შეეხება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, დიაბეტის ტიპი 2-ის (არაინსულინდამოკიდებული, ფარისებრი ჯირკვლის და ფილტვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს.

სამინისტროს ცნობით, პროგრამის გაფართოება უახლოეს მომავალში კვლავ იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები