ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა გიგანტმა, Tesla-მ ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის, Model Y-ის განახლების გადაწყვეტილება მიიღო და საზოგადოებას ახალი თაობის Model Y Juniper-ი წარუდგინა, რომელიც წინამორბედისგან ვიზუალურად განსხვავებულია, თუმცა პლატფორმა - ისევ უცვლელია.
მთავარი სიახლე, რომელსაც ახალ Model Y-სთან მიმართებით ვხედავთ „ვაიზორის“ ტიპის, გადაბმული წინა და უკანა მაშუქებია, რაც Tesla-ს ახალ სტილს წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, რომ Model Y ახალა უკვე საკმაოდ ახლოს არის Cybertruck-ის და Cybercab-ის დიზაინთან, რაც მოსალოდნელი იყო.
ელექტრომობილის ინტერიერს რაც შეეხება, ამჯერად Model Y-ში ვხედავთ ახალ სავარძლებს, რომელთაც გათბობა-გაგრილების ფუნქციონალი გააჩნიათ, რაც აქამდე Y-ში ხელმისაწვდომი არ იყო. გარდა ამისა, ავტომობილის უკანა რიგში გამოჩნდა მცირე ზომის სენსორული ეკრანი, რომელიც უკანა რიგში მყოფი მგზავრებისთვის არის გათვლილი. ცხადია, განახლებულია წინა, ძირითადი ეკრანიც, რომელიც უფრო დიდი ზომისაა და უახლეს პროგრამული უზრუნველყოფით არის აღჭურვილი.
ვიზუალურ განახლებებთან ერთად, გაიზარდა ელექტრომობილის მაქსიმალური მანძილი, რომელიც ამჯერად 720 კილომეტრს აღწევს, ნაცვლად 690 კილომეტრისა. ასევე, გაუმჯობესებულია ავტომობილის აჩქარება, რომელიც Model Y-ის უსწრაფეს ვერსიაში 0-დან 100 კმ/სთ-მდე 4.3 წამს შეადგენს. როგორც Tesla-ში ამბობენ, ელექტრომობილს ახალი თაობის დაკიდების სისტემა, დისკები და საბურავები აქვს, რაც მას უფრო მეტად კომფორტულს და მოქნილს აქცევს.
როგორც ცნობილია, საწყის ეტაპზე, ახალი Model Y ჩინეთის ბაზარზე იქნება ხელმისაწვდომი და მისი ფასი $36,000-დან დაიწყება, თუმცა 2025 წლის განმავლობაში ის აშშ-ისა და ევროპის ბაზრებზეც გამოჩნდება.
უნდა აღინიშნოს, რომ Model Y ამერიკული კომპანიის ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის SUV-ების კატეგორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი EV-ია, რომელსაც გლობალურ ბაზარზე შეხვდებით. Tesla Model Y-ის დომინანტურობას მისი მაღალტექნოლოგიურობა, დამტენების ინფრასტრუქტურა, თანამედროვე ბატარეები და ავტოპილოტის ფუნქციონალი განაპირობებს, რომელიც ავტომობილის ახალ ვერსიაში უფრო მძლავრად არის წარმოდგენილი.