ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Nvidia-მ CES 2025-ზე საზოგადოებას გრაფიკული ბარათების (GPUs) ახალი თაობა წარუდგინა, რომელსაც GeForce RTX 50-სერია ჰქვია.
Nvidia-ს ახალი ფლაგმანური მოწყობილობა RTX 5090-ია, რომელიც წინამორბედ RTX 4090-ზე ორჯერ მძლავრია, თუმცა თითქმის ორჯერ მეტ ელექტრონულ სიმძლავრეს (1,000W) მოითხოვს და $2,000 ღირს. როგორც Nvidia-ში ამბობენ, ახალი ვიდეობარათი AI-ფუნქციონალითაა აღჭურვილი და თან ის უფრო კომპაქტურია, ვიდრე წინამორბედი, რაც მცირე ზომის კომპიუტერებში მის ჩამონტაჟებას გაამარტივებს. 5090-ის მაქსიმალური სიმძლავრე 3,400 ტრილიონ ოპერაციას/წამში (TOPS) აღწევს, რაც გლობალური რეკორდია და ინდუსტრიის ახალ სტანდარტს წარმოადგენს.
ცხადია, RTX 50-სერია აღჭურვილია კადრების გენერაციის უახლესი ტექნოლოგიით, რომელსაც მომხმარებლები DLSS-ის სახელით იცნობენ. ეს ტექნოლოგია გამოსახულების გაუმჯობესებას დამატებითი კადრების შექმნით და რეზოლუციის გაზრდით ახერხებს, რაც, საბოლოო ჯამში, სამომხმარებლო გამოცდილებაზე პოზიტიურად აისახება.
RTX 5090-ის გარდა, კომპანიამ შედარებით ხელმისაწვდომი ვიდეობარათებიც წარმოადგინა, მათ შორისაა:
RTX 5070 - $550 | 1,000 TOPS
RTX 5070 Ti - $750 | 1,400 TOPS
RTX 5080 - $1,000 | 1,800 TOPS
RTX 5090 - $2,000 | 3,400 TOPS
უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე ხელმისაწვდომი RTX 5070 დაახლოებით ისეთი სიმძლავრით იქნება აღჭურვილი, როგორიც წინა თაობის ფლაგმანურ RTX 4090-ს ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთამაშეები უკიდურესად მძლავრ ვიდეობარათს ლამის 3-ჯერ უფრო იაფად შეიძენენ, ვიდრე წარსულში.
GeForce RTX 50-სერიის გრაფიკული ბარათების გაყიდვები მსოფლიოს მასშტაბით 2025 წლის თებერვლიდან დაიწყება.