კორეულმა გიგანტმა, Samsung-მა საზოგადოებას ახალი თაობის ფლაგმანური სმარტფონი Galaxy S25 Ultra წარუდგინა, რომელიც ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი, უმძლავრესი მოწყობილობაა.
დავიწყოთ ექსტერიერის დიზაინით, რომელიც წელს მთავარი ცვლილებაა, რადგან მისი გვერდები უფრო ბრტყელი გახდა, თუმცა კუთხეები ოდნავ მომრგვალებულია, ანუ Ultra-მ თავისი საფირმო მართკუთხედური ფორმა დაკარგა, თუმცა ხელში მისი დაჭერა შედარებით უფრო კომფორტული გახდა. გარდა ამისა, Samsung-ის ფლაგმანი, წინამორბედის მსგავსად, ტიტანის კორპუსით არის აღჭურვილი, რაც დამატებით გამძლეობას უზრუნველყოფს, თანაც ის 0.4 მილიმეტრით თხელი და 15 გრამით მსუბუქია, ვიდრე მისი წინამორბედი - S24 Ultra. ეკრანის დასაცავად ახალი ტიპის შუშა, Gorilla Glass Armor 2-ია გამოყენებული, რომელიც ისტორიაში ყველაზე ძლიერი დამცავი შუშაა და თან ის ბზინვარებას მინიმუმამდე ამცირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სმარტფონის ეკრანი გაცილებით ნაკლებ ჩრდილებს ირეკლავს, ვიდრე მისი კონკურენტები.
როგორც წინა წელს, სმარტფონი აღჭურვილია 200-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერით და ასმაგი გადიდების ფუნქციონალით, რომელსაც მთვარეზე ფოტოების გადაღებაც კი შეუძლია. ამასთან, წელს ახალი ულტრაგანიერი კამერა გამოჩნდა, რომელიც 50-მეგაპიქსელიანია და ის კადრის უკეთეს გაშლას უზრუნველყოფს. ამას გარდა, Ultra-ს არსენალში ისევ რჩება: 50-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო კამერა, 10-მეგაპიქსელიანი ოპტიკური ლინზა და 12-მეგაპიქსელიანი წინა კამერა.
ცხადია, S25 Ultra გასაოცარ კადრებს იღებს, თუმცა თავად ამ კამერების დამონტაჟების მიზანი არა ხარისხის გაუმჯობესება, არამედ მისი სიმძლავრით ტრაბახია. ზოგადად, ეს Ultra-ს საფირმო ნიშანია, რადგან ეს სმარტფონი ყველაფერში ისეთი გადამეტებული და მძლავრია, რომ ამის რეალური საჭიროება უბრალოდ არ არსებობს.
ასევე, წარმოუდგენლად ნათელი და კაშკაშაა მისი ეკრანიც, რომლის განათება 2,600 ნიტს აღწევს, ხოლო ზომა 6.8 დუიმია. ექსპერტების შეფასებით, S25 Ultra-ს სმარტფონების ისტორიაში საუკეთესო ეკრანი აქვს, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან მისი მთავარი კონკურენტის, iPhone-ის ეკრანებსაც თავად Samsung-ი აწარმოებს და, რა თქმა უნდა, კომპანია საუკეთესო პროდუქტს თავისი ფლაგმანისთვის ინახავს.
სიმძლავრეს რაც შეეხება, სმარტფონი აღჭურვილია Qualcomm-ის უახლესი პროცესორით, Snapdragon 8 Elite-ით და Adreno-ს წარმოების გრაფიკული ბარათით. როგორც Samsung-ში აცხადებენ, ახალი პროცესორი წინამორბედთან შედარებით 30%-ით უფრო მძლავრ გრაფიკულ გამოთვლას, 37%-ით უფრო სწრაფ CPU-პროცესინგს და 40%-ით უფრო სწრაფ AI-გენერირებას უზრუნველყოფს. ზედმეტ ტექნიკურ დეტალებს რომ არ ჩავუღრმავდეთ, პირდაპირ გეტყვით, რომ S25 Ultra-ზე უფრო მძლავრი Android-მოწყობილობა ბაზარზე უბრალოდ არ არსებობს.
ყველა სხვა ფიზიკური პარამეტრით S25 Ultra კონკურენტებთან შედარებით ლიდერია და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან Ultra-ს დანიშნულება სწორედ ეს არის და ამიტომაც ღირს ეს მოწყობილობა 1,300 დოლარი, რაც iPhone Pro Max-თან შედარებით 100 დოლარით ძვირია.
ამ მაღალ ფასს კორეული კომპანია იმ სიახლეებით ამართლებს, რომლებიც წელს Ultra-ში დაინერგა. თითქმის ყველაფერი ახალი და ინოვაციური კი, რაც S25-ში გვხვდება, ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება.
Samsung-ის ფლაგმანს ახლა უკვე ფოტო და ვიდეო კადრებიდან საგნების წაშლა და მათი გადაადგილება შეუძლია. გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტი ნებისმიერი კადრის შენელების ან დაჩქარების საშუალებასაც იძლევა. ასევე, S25-ში ჩაშენებულია Google-ის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ნებისმიერ აპლიკაციაში სასურველ დავალებას ავტომატურად ასრულებს, თუკი მას შესაბამის ბრძანებას მისცემთ. მაგალითად, Gemini-ს შეგიძლიათ დაავალოთ Formula 1-ის 2025 წლის განრიგში ყველა დაგეგმილი რბოლის თარიღის მოძიება და მათი კალენდარში დამატება, რათა არცერთი გრან-პრი არ გამოგრჩეთ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ავტომატური თარგმნის ფუნქციაა. S25-ის დახმარებით ტელეფონზე შეგიძლიათ ესაუბროთ უცხოელს, რომლის ენაც არ გესმით და სმარტფონი პირდაპირ რეჟიმში უზრუნველყოფს თქვენი საუბრის თარგმნას, ყოველგვარი შეფერხებების გარეშე. ცხადია, ხელოვნური ინტელექტი ნებისმიერი სახის ტექსტის და ფაილის დამუშავებასაც უზრუნველყოფს. ასევე, AI-ს შეუძლია დღის მოკლე შეჯამების მომზადება, რომელშიც ყველა ის საჭირო ინფორმაცია იქნება, რაც დღის პროდუქტიულად დასაწყებად დაგჭირდებათ, მათ შორის: კალენდარში ჩანიშნული გეგმები, ამინდის პროგნოზი, მსოფლიოში მომხდარი სიახლეები და დაგეგმილი მოვლენები, რომელთაც თვალი უნდა ადევნოთ.
ზოგადად, ხელოვნური ინტელექტი ჩაშენებულია S25-ის თითქმის ყველა ძირითად მენიუში და ის მუდმივად ცდილობს თქვენი ცხოვრების გამარტივებას. AI-სიახლეების მიუხედავად, უნდა აღნიშნოს, რომ ზემოხსენებული ფუნქციონალის ნაწილი უკვე ხელმისაწვდომია წინამორბედ S24-სერიაში და რამდენიმე კვირაში One UI 7-ის განახლებასთან ერთად, S24-სერია თითქმის ყველა ზემოხსენებულ AI-ფუნქციონალს მიიღებს, რაც სასიხარულო იმ ადამიანებისთვის, რომელთაც წინა თაობის სმარტფონები აქვთ.
შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ S25 Ultra არ არის რევოლუციური პროდუქტი, ის S24 Ultra-ს დახვეწილ ვერსიად უნდა წარმოვიდგინოთ, რომელიც, თავისი არსით, გასული წლის საუკეთესო სმარტფონი იყო. Samsung-ის მხრიდან შედარებით კონსერვატიული განახლების წარმოდგენა იმ მოცემულობით აიხსნება, რომ Ultra-ს მომხმარებლები სმარტფონებს საშუალოდ 3 წელიწადში ერთხელ იცვლიან, ამიტომ კომპანიისთვის კომერციულად გამართლებული მიდგომა დიდი განახლების 3 წელიწადში ერთხელ წარმოდგენაა, ბოლო დიდი განახლება კი Samsung-მა 24-ე სერიაში წარმოადგინა, ამიტომაც 25-ე სერია აღარ არის რევოლუციური და, სავარაუდოდ, არც 26-ე იქნება დიდად განსხვავებული, თუმცა ამაში ცუდი არაფერია, რადგან Ultra-ს მომხმარებლებს სმარტფონების გამოცვლა ყოველ წელს არ მოუწევთ, თუმცა თუ S23-ზე უფრო ძველ სმარტფონს ფლობთ, მაშინ S25-სერია თქვენთვის ძალიან დიდი განახლება იქნება.
ვერდიქტის სახით გეტყვით, რომ S25 Ultra პრემიუმ კლასის, ძვირად ღირებული, ზემძლავრი, მაქსიმალურად აღჭურვილი, ფლაგმანური სმარტფონია, რომელმაც S24-ის რეცეპტი კიდევ უფრო მეტად დახვეწა და მომხმარებელს ოდანვ გაუმჯობესებული გამოცდილება შესთავაზა. მართალია, S25 Ultra არ არის ისეთი რევოლუციური, როგორიც მისი წინამორბედი იყო, თუმცა ის მაინც მარტივად შეიძლება ჩაითვალოს ბაზარზე არსებულ საუკეთესო Android-სმარტფონად, რაც, ზოგადად, Ultra-ს მთავარი დანიშნულებაა და ამ საქმეში მას კონკურენტი არ ჰყავს.