2025 წელი ევროპის ინოვაციური ეკოსისტემისთვის კარგად დაიწყო. პირველ კვარტალში, ვენჩურულმა კაპიტალისტებმა სტარტაპებს €12.8 მილიარდი გამოუყვეს, რაც წინა კვარტალთან შედარებით 13%-ით, წლიურად კი 5%-ით მეტია და ნიშნავს, რომ რისკის მოყვარული ინვესტორები გეოპოლიტიკურად რთულ ვითარებას, პანდემიის შემდეგ ყველაზე დიდ გაურკვევლობას და არაბუნებრივად გაზრდილ ტარიფებს არ უფრთხიან.
ევროპაში ვენჩურულ გარიგებებს ტრადიციულად ბრიტანული გამოცემა Sifted-ი სწავლობს, რომელმაც 165 ყველაზე აქტიური ვენჩურული ფონდის და კორპორაციული ვენჩურული ფონდის სია შეადგინა, სადაც ისეთი კომპანიები მოხვდნენ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში სულ მცირე სამი ტრანზაქცია განახორციელეს. ჯამში კი, ამ კომპანიებმა წლის პირველ სამ თვეში 1,096 სტარტაპი დააფინანსეს.
ვენჩურული კაპიტალის მიმართულებით ევროპაში ყველაზე აქტიური ინვესტორი ბრიტანული SFC Capital-ი იყო, რომელმაც 62 სტარტაპის წილში ჯამში £13.4 მილიონზე მეტი გადაიხადა. ლონდონური ფონდი კლიმატის ტექნოლოგიებში, რობოტიკაში, ფინტექში და B2B SaaS-ში ინვესტირებს და ერთ ტრანზაქციაში საშუალოდ 50,000-დან 350,000-მდე გირვანქა სტერლინგს იხდის. როგორც ჩანს, SFC Capital-ი არ ჩერდება, რადგან ევროპის ყველაზე აქტიურ ვენჩურულ ფონდად ეს ბრიტანული კომპანია 2024 წელსაც დასახელდა და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, ახალი რეკორდი დამყარდება.
ვენჩურულ ფონდებს შორის მეორე ადგილი გერმანულმა HTGF-მა დაიკავა, რომელმაც წლის პირველ სამ თვეში 24 სტარტაპი დააფინანსა, ძირითადად ღრმა ტექნოლოგიების და ჯანმრთელობის ტექნოლოგიების ვერტიკალების მიმართულებით. ოცი წლის წინ დაფუძნებული გერმანული ფონდის წლევანდელ ტრანზაქციებს შორის გამოსარჩევია ინვესტიცია გერმანულ Alpine Eagle-ში, რომელიც სამხედრო და რეკრეაციული დრონებისთვის სპეციალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფას ქმნის.
ჯამური საინვესტიციო მოცულობით მესამე ადგილი ორმა კომპანიამ — სინგაპურულმა Antler-მა და ამერიკულმა Plug and Play-მ დაიკავეს, რადგან თითოეულმა მათგანმა წლის პირველ სამ თვეში ევროპის კონტინენტზე 17 სტარტაპი დააფინანსა. თუმცა თუ Antler-ის საშუალო ჩეკმა €2 მილიონი შეადგინა, Plug and Play მეტად გულუხვი იყო და სტარტაპები საშუალოდ €7 მილიონით დააფინანსა. Antler-ის დაფინანსებულ პროექტებს შორის უმეტესწილად B2B SaaS-ის მიმართულებას ვხვდებით, როცა კალიფორნიული ფონდი ევროპაში უმეტესწილად ჯანდაცვის ტექნოლოგიების მიმართულებით ოპერირებს.
ევროპაში ყველაზე აქტიური ვენჩურული ფონდების ხუთეულს ბერძნული Genesis Ventures-ი ხურავს, რომელმაც წლის პირველ კვარტალში კონტინენტზე 14 გარიგება დადო, რა დროსაც თითოეულ სტარტაპს საშუალოდ €775,000-იანი ჩეკი გამოუწერა. ბერძნული ფონდი უმეტესწილად საბერძნეთზე და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაზე კონცენტრირდება, სადაც რობოტიკის და ღრმა ტექნოლოგიების მიმართულებით ინვესტირებს. Genesis Ventures-ის მიერ წელს დაფინანსებული ერთ-ერთი კომპანიაა Progressive Robotics-ი, რომელიც საწარმოო ხაზში გამოყენებული რობოტების განვითარებაზე მუშაობს.