საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის განმავლობაში 10,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 13,5%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, 2016-თან შედარებით, ექსპორტის მნიშვნელოვანი - 29,5%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რამაც თანხობრივ გამოხატულებაში 2,7 მილიარდი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება იმპორტს, მან 7,8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 8,8%-ით მეტია.
საქართველოს 10 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორის, 2017 წელს თურქეთი ლიდერობს, რომელზეც მთლიანი ბრუნვის 14,9% მოდის, მეორე პოზიციაზე რუსეთია - 11,2%-იანი ბრუნვით, მესამეზე კი ჩინეთი, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვამ, მთლიანი ბრუნვის 8,8% შეადგინა, მეოთხე პოზიციაზეა აზერბაიჯანი, რომელსაც უკრაინა მოჰყვება. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში იმპორტი შემცირებულია, ექსპორტი კი გაზრდილი. 2017 წლის განმავლობაში, ევროკავშირის ქვეყნებში 655 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 90 მილიონი დოლარით მეტია. თუმცა მთავარი საექსპორტო ბაზარი საქართველოსთვის რუსეთია და მისი წილი სულ უფრო იზრდება. 2017 წელს, 2016-თან შედარებით, ამ ქვეყანაში ექსპორტი თითქმის გაორმაგებული. თუკი 2016 -ში ექსპორტზე 206 მილიონის პროდუქცია გავიდა, 2017 -ში ეს მაჩვენებელი 397 მილიონი დოლარი იყო. სიდიდით მეორე საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანია, მესამე კი თურქეთი.
მთავარ საექსპორტო პროდუქტი 2017 წელს საქართველოსთვის კვლავაც სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო, 422 მილიონ დოლარიანი ექსპორტით, მეორე პოზიციაზე ფეროშენადნობებია, 306 მილიონიანი ექსპორტით, მესამეზე კი მსუბუქი ავტომანქანები, 235 მილიონი დოლარის ექსპორტით.