საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, სამეგრელოს რეგიონში, ერთი პირი დააკავეს.
როგორც bm.ge-ს უწყებიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ჯამში 38 115 ლარის ღირებულების 8 470 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.