სადაზღვევო პროდუქტების შესაძენად მომხმარებლებს სადაზღვევო კომპანიებში ვიზიტი და სადაზღვევო აგენტთან გასაუბრება აღარ დასჭირდებათ. თვის ბოლოდან ვებ-პლატფორმა Insuranceshop.ge ამოქმედდება, სადაც სადაზღვევო პროდუქტების შეძენას მომხმარებლები ონლაინ შეძლებენ.
როგორც პროექტის ავტორი, ირაკლი ნადარეიშვილი bm.ge-თან აცხადებს, ონლაინ პლატფორმა თვის ბოლოს ჩაეშვება და მომხმარებლებს 5 სადაზღვევო კომპანიის როგორც ინდივიდუალურ, ისე კორპორატიული პროდუქტებს შესთავაზებენ.
ვებ-გვერდზე ერთ სივრცეში ბაზარზე არსებული სხვადასხვა სადაზღვევო შეთავაზებები იქნება თავმოყრილი. ე.წ "სადაზღვევო მაღაზიის" საშუალებით მომხმარებლები შეძლებენ სისტემაში შეიყვანონ პირადი/ბიზნეს საქმიანობის მონაცემები და მიიღონ სხვადასხვა კომპანიისა და სხვადასხვა პროდუქტების ოპტიმალური, მის საჭიროებაზე მორგებული სადაზღვევი პაკეტი.
"სადაზღვევო მაღაზიის" ელექტრონულ ვებ-პლატფორმაზე მხოლოდ სადაზღვევო შეთავაზებების განთავსება არ მოხდება. როგორც პროექტის ავტორი ამბობს, მომხმარებელს სხვადასხვა კომპანიის სადაზღვევო შეთავაზების შედარების შესაძლებლობა ექნება. ვებ-პლატფორმას ექნება ასევე ონლაინ დახმარების ფუნქციაც. Insuranceshop.ge სადაზღვევო პროდუქტებს შესთავაზებს კორპორატიულ კლიენტებსაც.
პორტალზე გაიყიდება ასევე იურიდიული პოლისი, რომელიც დაფარავს შესაძლო იურიდიულ ხარჯებს, რომელიც შეიძლება დაზღვეულს დაუდგეს კონკრეტული დაზღვევის პოლისის მოქმედების ფარგლებში.
"სადაზღვევო მაღაზიის" პროექტი საპარტნიორო ფონდის "სტარტაპ საქართველოს" ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია.