პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 180-ზე მეტი სახელმწიფოს წინააღმდეგ ტარიფების დაწესების შემდეგ, გლობალურ საფონდო ბირჟაზე დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ვიხილეთ, რომელმაც გასულ კვირას ანალიტიკოსების ყველაზე ნეგატიურ მოლოდინებსაც გადააჭარბა.
უფრო კონკრეტულად, S&P 500-ის შეფასება ერთ კვირაში 9.1%-ით დაეცა, ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის შემთხვევაში კორექციამ 10% შეადგინა, რაც უოლ-სტრიტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია.
საფონდო ბირჟის დაღმასვლის ფონზე, მკვეთრადაა შემცირებული ე.წ. „დიდი შვიდეულის“, ანუ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების შეფასება. კერძოდ, ერთკვირიან პერიოდში ვარდნის დინამიკა ასეთია:
1. Apple: -13.6% | $2.83 ტრლნ
2. Microsoft: -5.0% | $2.68 ტრლნ
3. Nvidia: -14.0% | $2.30 ტრლნ
4. Amazon: -11.3% | $1.81 ტრლნ
5. Google: -5.3% | $1.79 ტრლნ
6. Meta: -12.5% | $1.29 ტრლნ
7. Tesla: -9.2% | $770 მლრდ
ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ ტრამპის მიერ გატარებული პოლიტიკა სანქცირებულ სახელმწიფოებს საპასუხო ტარიფების დაწესებისაკენ უბიძგებს, რაც „დიდი შვიდეულის“ საექსპორტო შემოსავლების შემცირებას და ადგილობრივ ბაზარზე ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს, რაც ბიზნესისათვის არახელსაყრელია.