მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული, ნინი გაფრინდაშვილი ლონდონში იასპარეზებს - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

bof
08.05.25 15:24
211
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წელს საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეობა 120-მა ახალგაზრდამ მიიღო. შედეგად, ერთი ფინალისტი გამოვლინდა, რომელიც 12-17 მაისს ლონდონში გამართულ საერთაშორისო ტურში მიიღებს მონაწილეობას.

ნინი გაფრინდაშვილი 2025 წლის გამარჯვებულია. არ გაჩერება, შრომა და საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მისი მთავარი მოტივატორია.

კონკურსის ფარგლებში მიღებული გამოცდილების შესახებ ის ინტერვიუში გვესაუბრება.

რატომ გადაწყვიტეთ საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეობა?

თავდაპირველად ამ კონკურსის შესახებ სკოლიდან გავიგე და მონაწილეობა გადავწყვიტე, რათა ჩემი შესაძლებლობები გამომეცადა და ახალი გამოცდილება მიმეღო. თანაც ჩემთვის უცხო ადამიანების წინაშე საუბარი დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა და ვიფიქრე, რომ ეს კონკურსი ამ შიშის დაძლევაში დამეხმარებოდა. პირველივე ცდაზე მოვხვდი ფინალში, ამან კიდევ უფრო დიდი თავდაჯერებულობა შემმატა არ დავნებებულიყავი და კიდევ ორჯერ ვცადე ბედი.

საბოლოო მიზანი, ცხადია, გამარჯვება იყო, მაგრამ კონკურსში ხელახლა მონაწილეობის მიღება უფრო მეტად იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, უფრო მეტი შემეძლო და რომ დაუღალავი შრომა შედეგს ყოველთვის გამოიღებდა.

საჯარო მეტყველების კონკურსში მიღებული გამოცდილებები რომ გაგვიზიაროთ...

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა არაერთხელ მომეცა. მჯერა, აქ მიღებული გამოცდილება ცხოვრების ბოლომდე გამომადგება.

გარდა იმ უნარების განვითარებისა, რომლებიც ნებისმიერ საჯარო მეტყველების კონკურსს თან სდევს, ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი იმის გააზრება იყო, თუ რამდენად რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი აზრის ეფექტურად გადმოცემა. რაიმეს ფიქრი ერთია, ხოლო ამის მაყურებლისთვის მიწვდენა სულ სხვა. ასევე მადლიერი ვარ, რომ ამ კონკურსის ფარგლებში ძალიან ბევრი კარგი და საინტერესო ადამიანი გავიცანი, მოვისმინე მათი შეხედულებები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე და მიხარია, რომ მათთან დღემდე მაქვს ურთიერთობა.

სიტყვით გამოსვლისთვის მზადების პროცესი ჩემთვის ყოველთვის შრომატევადი და ოდნავ ქაოსურია. თავიდან არ ვიცოდი დიდად როგორ უნდა მოვმზადებულიყავი და ბევრ რჩევას ინტერნეტში ვეძებდი, მაგრამ რაც დრო გადიოდა მით უფრო ვხვდებოდი რა იყო ეფექტური და რა - არა. ახლა მზადების პროცესი ბევრად უფრო თანმიმდევრულად და მშვიდად მიმდინარეობს. თუმცა ამ პროცესში ნერვიულობა, შრომა და თან ამავდროულად, ახალი აღმოჩენებიც დღემდე უცვლელი რჩება.

კონკურსის ფარგლებში დავალების მიღების შემდეგ როგორ არჩევთ იმ მთავარ, საკვანძო იდეებს, რომელზეც შემდეგ თქვენს გამოსვლას აფუძნებთ?

ყველაზე რთული პროცესი ჩემთვის სწორედ იმის არჩევაა, თუ რაზე უნდა ვილაპარაკო. ერთდროულად ძალიან ბევრი იდეა მომდის თავში და ხანდახან მიჭირს იმის გადაწყვეტა, თუ საბოლოოდ რომელი უფრო გაამართლებს მაყურებლის წინაშე. განსაკუთრებით ძნელი კი ის არის, რომ რაც შეიძლება კრეატიული და ინდივიდუალური უნდა იყოს შენი სიტყვით გამოსვლა, ამიტომ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, ვიაზრებ თუ რომელი „ფოინთია“ ის, რომლის გაკეთება მხოლოდ მე შემიძლია. მე პირადად მიყვარს, როდესაც ჩემი ტექსტი არ შემოიფარგლება მხოლოდ ძირითადი, მოცემული თემით. ვცდილობ, რომ დამხმარე ამბით ან უბრალო დაკვირვებით განვავრცო ჩემი სათქმელი, რათა თემა უფრო შეკრული იყოს და მარტივად გასაგები. ასევე ყველანაირად ვცდილობ, რომ საკუთარი გამოცდილებები ან შეხედულებები ჩავაინტეგრირო. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს ქმნის ჩემს სიტყვით გამოსვლას უფრო პერსონალურს და განსხვავებულს, იმიტომ, რომ ყოველი ჩვენგანი სხვადასხვანაირად განიცდის და აღიქვამს სამყაროს.

იყო თუ არა რომელიმე თემა თქვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ან საინტერესო და რატომ?

ჩემთვის ყოველი თემა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათზე მუშაობის დროს ძალიან ღრმად შევდივარ სიტყვით გამოსვლის ტექსტის შექმნის პროცესში. თუმცა, მაინც გამოვარჩევდი 2024 წლის ფინალს, ანუ როდესაც მეორეჯერ გამოვედი ფინალში. იმ მომენტში პირველად მივხვდი, თუ რას ითხოვდნენ ჩემგან, თუ რას ნიშნავდა სინამდვილეში საჯარო მეტყველება - რომ ეს არ იყო უბრალოდ ზოგადად მიღებული აზრების გადამღერება, არამედ შენეული თვალთახედვის გაზიარება.

ადრე ძალიან ფრთხილად ვარჩევდი თემებს, რადგან არ მინდოდა, რომ საზოგადოდ მიღებულ შეხედულებებს გავცდენოდი. თუმცა, შემდეგ გავიაზრე, რომ სინამდვილეში ეს ჩემს შესაძლებლობებსა და კრეატიულობას ზღუდავდა. ამიტომაც მოვიკრიბე ძალღონე და გავბედე, რომ მართლა იმაზე მესაუბრა, რაზეც მხოლოდ მე შევძლებდი საუბარს, რაც არ უნდა უჩვეულო ყოფილიყო ის. შედეგად, ჩემი გამოსვლისას ძალიან თავისუფლად და გულწრფელად ვიგრძენი თავი.

რას ნიშნავს თქვენთვის საჯარო მეტყველების კონკურსში გამარჯვება?

სიმართლე რომ ვთქვა, ახლაც ვერ ვიჯერებ. იმ მომენტში როდესაც ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს, ძალიან ცოტა დრო მქონდა ამ ყველაფრის გასააზრებლად. ძალიან მიხარია, რომ ჩემი შრომა დაფასდა და მიზანს მივაღწიე. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მომეცა საშუალება საქართველო წარვადგინო და ვასახელო საზღვარგარეთ. მაგრამ ეს გამარჯვება, ალბათ, პატარა ნინისთვის ნიშნავს ყველაზე მეტს, რომელსაც ხშირად აკრიტიკებდნენ საუბრის მანერაზე. ეს ყველაფერი ასევე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ არასდროს არ უნდა დანებდე, არ უნდა გაჩერდე და შედეგად, შრომა არასდროს დარჩება დაუფასებელი.

თქვენი დაკვირვებით, რა უნარების განვითარებას უწყობს ხელს საჯარო მეტყველების კონკურსი?

ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დიდად საჯარო მეტყველება არ არის განვითარებული. ორატორობა ხშირად ასოცირდება მხოლოდ პოლიტიკოსებთან ან იმ ადამიანებთან, რომლებსაც ძალაუფლება აქვთ, როდესაც, სინამდვილეში,ნებისმიერ პიროვნებას აქვს ამის შესაძლებლობა. მიმაჩნია, რომ ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა გამოცადოს საკუთარი თავი ამ სფეროში, რათა განივითაროს სხვადასხვა უნარ-ჩვევა: კრიტიკული აზროვნება, დიქცია, სხეულის ენა, მაყურებელთან კომუნიკაცია. ასევე, ამ კონკურსის ერთ-ერთი ხიბლი სხვების მოსმენის შესაძლებლობაა. გარკვეულ თემებზე თვალსაწიერის გაფართოებისთვის საჭიროა სხვადასხვა შეხედულებების მოსმენა, ლაპარაკი და განხილვა. გარდა კარგად საუბრისა, ეს კონკურსი აქტიური მოსმენის უნარსაც აუმჯობესებს, რაც ნებისმიერი საზოგადოების წევრს სჭირდება.

რა არის ის ახალი ცოდნა თუ აღმოჩენა, რომელიც საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეობის შედეგად მიიღეთ?

ახალი რამ რაც აღმოვაჩინე ჩემს შესახებ არის ის, რომ რეალურად საუბარი გამომდის, ძალიან მსიამოვნებს ხალხის წინაშე დგომა და მათთვის რაიმეს მოყოლა.

როგორ ემზადებით საერთაშორისო ტურში მონაწილეობისთვის?

საერთაშორისო ტური სხვა ძალისხმევას მოითხოვს, შესაბამისად, ვცდილობ უფრო მეტად გავამახვილო ყურადღება ჩემს საუბარზე, ავწონ-დავწონო თითოეული სიტყვა, რადგან იქ ბევრი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელთან მომიწევს გამოსვლა. ამაში კი ძალიან მეხმარებიან ESU Georgia-ს ორგანიზაცია და British Corner-ის თანამშრომლები. კონკურსის ფარგლებში ჩატარებული კონსულტაციები სხვადასხვა გამოცდილ პროფესიონალთან ძალიან დამეხმარა გამარჯვების მიღწევაში და იმაში, რომ არ დავნებებულიყავი. მათთან განსაკუთრებით ინტენსიურად ახლა ვმუშაობ, რათა საერთაშორისო კონკურსზეც მივაღწიო წარმატებას. ზოგადად, მიმაჩნია, რომ გაუმჯობესებისთვის უკუკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მხარდაჭერისთვის ძალიან მადლიერი ვარ.

ჩემი საყვარელი tips and tricks ლაპარაკია, კერძოდ, როდესაც მაძლევენ თემას, გარკვეული ფიქრის შემდეგ ტელეფონში ვრთავ ხმის ჩამწერს და რაც შეიძლება ბევრს ვლაპარაკობ. ეს მეხმარება, რომ ჩემს ყველა აზრს თავი მოვუყარო, გადავსინჯო თითოეული მათგანი და ე.წ. გზამკვლევი შევიმუშაო, რათა თემაზე მუშაობა უფრო გამიმარტივდეს.

რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეობა, თუმცა ვერ ბედავენ?

ვიცი, რომ ჩემი პოზიციიდან ამის თქმა ბევრად მარტივია, მაგრამ გაბედეთ!!! არ შეუშინდეთ იმას, რომ ეს თქვენი პირველი გამოცდილება იქნება და ვერ იქნებით ისეთი მომზადებული, როგორც სხვები. ყველა ყოფილა თქვენს მდგომარეობაში, მაგრამ საიდანღაც უნდა დაიწყოთ, უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯი. ამ კონკურსში ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებთ, საკუთარ თავს უკეთ შეიცნობთ და ამავდროულად ბევრ ადამიანსაც გაიცნობთ. რაც არ უნდა მოხდეს, როგორი შედეგიც არ უნდა დადოთ პირველ ჯერზე, ამით ყველაფერი არ სრულდება. პირიქით, ეს მხოლოდ საწყისი და დიდი გამარჯვებაა, რომ გაბედეთ, დაძლიეთ შიშები და მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები