მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტროს განმარტება გრიფირების პროცესთან დაკავშირებით

5b582d548be5a
BM.GE
25.07.18 11:55
626
I-VI კლასების გრიფის მინიჭების პროცესი დაიწყო და პირველ ეტაპზე გრიფი მიენიჭა მათემატიკის, ქართული ენის (II-IV), ბუნებისმეტყველების, სპორტის (I-IV), მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ინგლისური, გერმანული და რუსული ენების სახელმძღვანელოებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბრძანების ხელმოწერას წინ უძღოდა მრავალეტაპიანი პროცესი, რომელიც ქართულ რეალობაში პირველად განხორციელდა:

ყველა სახელმძღვანელო, დარგის სპეციალისტების გარდა, შეფასდა ფსიქოლოგებისა და ფილოლოგების მიერ. ამ შეფასებების შედეგად შემუშავდა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. რეფერირების პროცესში კარგად გამოჩნდა მანამდე გრიფირებული სახელმძღვანელოების პრობლემებიც;

ჩატარდა ინტენსიური საჯარო განხილვები, რომლის დროსაც სამინისტრომ საინტერესო შენიშვნები და რეკომენდაციები მიიღო.

აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლებს მიეცა შესაძლებლობა, გრიფირებული სახელმძღვანელოები პრიორიტეტების მიხედვით დაელაგებინა და არ შეერჩია მათ შორის მხოლოდ ერთი. ამგვარი მიდგომა საშუალებას იძლევა, გამოჩნდეს რეცენზირების შედეგების კორელაცია სკოლების არჩევანთან.

მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიქმნა კიდევ ერთი, მეორე დონის კომისია, რომელმაც დამატებით განიხილა სარეცენზიო ჯგუფების დასკვნები და წარმოადგინა კონკრეტული მოსაზრებები რეკომენდაციის სახით.

საერთო ჯამში 200-მდე სპეციალისტის მონაწილეობით დადგა ის შედეგი, რომელიც ბრძანებაში აისახა.

ბუნებრივია, კონკურსი თავისთავად გულისხმობს, რომ წარმოდგენილ სახელმძვანელოთაგან მხოლოდ საუკეთესოებს მიენიჭება გრიფი. ამ მხრივ სამინისტროს ამოსავალ წერტილს საზოგადოების დაკვეთა წარმოადგენდა, რომ I-VI კლასის მოსწავლეებმა მაღალი სტანდარტის შესაბამისი სახელმძვანელოებით ისწავლონ.

კითხვებზე, რომელიც გრიფირების პროცესთან დაკავშირებით შეიძლება გაჩნდეს საზოგადოებაში, სამინისტროს შეფასების სრულიად გამჭვირვალე პროცესი და პროფესიონალთა შეჯერებული შეფასებები აქვს პასუხად.

სახელმძღვანელოების მხოლოდ ნაწილის გრიფირების გამო რომ არ წარმოიშვას არასწორი ვარაუდები, სამინისტრო განმარტავს: რამდენიმე საგანში გრიფირებამ ვერ გამოავლინა საჭიროების შესაბამისი სახელმძღვანელოები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საგნებში „მე და საზოგადოება“ და „ჩემი საქართველო“ იყოს ძალიან მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები. ამიტომ ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება.

ელექტრონული სკოლის კონტექსტში ცხადი გახდა, რომ ისტ-ში წარმოდგენილი სახელმძღვანელოები კონცეპტუალურად შეუსაბამოა თანამედროვე მოთხოვნებთან, ამიტომ ამ მიმართულებით სამინისტრო განმეორებით კონკურსს გამოაცხადებს.

სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეროვნული სასწავლო გეგმის ინტეგრაციას არაქართულონოვან სკოლებში. ამ მიზნით, პედაგოგებისა და დარგობრივი სპეციალისტების მონაწილეობით, მიმდინარე წელს, სპეციალურ რეჟიმში მოხდება ახალი სახელმძღვანელოების თარგმნა და გადამუშავება", - განმარტავენ სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები