მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამმა კომიტეტმა 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა

5ee34a5e3b47e
BM.GE
12.06.20 13:22
892
სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

მინისტრის მოადგილემ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე, დაგეგმილ ცვლილებებზე და მომდევნო წლის პროგნოზებზე დეტალურად ისაუბრა.

მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ძირითად ფინანსურ დოკუმენტში განსახორციელებელ ცვლილებებზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ იანვარში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იყო 5 პროცენტზე მაღალი, თუმცა, თებერვლიდან ეკონომიკას და შემოსავლების ნაწილს დაეტყო გარკვეული შეფერხებები და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. მისი განცხადებით, მთავრობამ შესაბამისად შესრულების ნაწილში შეზღუდვები განახორციელა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო პანდემიის საპასუხოდ საჭირო რესურსების მობილიზება.

„განახლებული პროგნოზების შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკის მოცულობა 4 პროცენტით შემცირდება, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 10 პროცენტს გადააჭარბებს, საგადასახადო შემოსავალი მილიარდ ნახევარი ლარით მცირდება. ბიუჯეტში ანტიკრიზისული გეგმისთვის ასახულია 3,4 მილიარდი ლარი. საბიუჯეტო დეფიციტი კი 8, 5 პროცენტამდე გაიზრდება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

გიორგი კაკაურიძემ ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის გამოყოფილ თანხებზე კანონმდებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„5,4 მილიონ ლარზე მეტის მობილიზება იყო აუცილებელი დამატებითი საჭიროებისთვის. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება მარტის დასაწყისიდანვე და მნიშვნელოვნად დავიწყეთ შეზღუდვები ხარჯვით ნაწილში როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე და შედეგად შესაძლებელი გახდა 6 მილიონი ლარის გამოთავისუფლება არსებული ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიდან. ეს არ ნიშნავს რომ ბიუჯეტი მცირდება. დამატებითი ხარჯვითი საშუალებები ბიუჯეტშია განსაზღვრული და ბიუჯეტიდან ფინანსდება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მომხსენებლის განცხადებით, პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო, წლევანდელი ბიუჯეტი -4% ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა, რის გამოც მთელი რიგი უწყებების დაფინანსება მცირდება, მათ შორის, 3 მილიონი ლარით მცირდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი. მისივე თქმით, ეკონომია განხორციელდა იმ ღონისძიებების მიმართულებით, რაც დაგეგმილი იყო საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის ფარგლებში, რომელიც პანდემიის გამო ბუნებრივია ვეღარ განხორციელდება. მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ საელჩოები აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოქალაქეთა დახმარების ნაწილში და ამან დამატებითი ხარჯების მობილიზების საჭიროება გამოიწვია.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, უწყებების დაფინანსების შემცირების მიუხედავად, არ უქმდება არცერთი პროექტი და პროგრამა და მათი მხოლოდ ვადების ცვლილება განხორციელდება.

კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მოადგილემ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიც წარადგინა და იმ მაკროეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებლებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანამ გასულ საბიუჯეტო წელს მიაღწია.

გიორგი კაკაურიძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და ბიუჯეტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალური განმარტებები გააკეთა.

პანდემიის პერიოდში მთავრობის და ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოებული საქმიანობა და 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი კომიტეტების თავმჯდომარეებმა შეაფასეს.

დავით სონღულაშვილი: „ბიუჯეტს მხარს ვუჭერთ, ვინაიდან დღევანდელი მოცემულობით მაქსიმალურად არის გათვალისწინებულია ის შესაძლებლობები, რაც შეიძლება რომ იყოს გადანაწილებული და იმისთვის, რომ მივეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს პანდემიის დაძლევის პროცესში და იმისთვის, რომ ეკონომიკა იყოს წახალისებული“.

ბექა ოდიშარია: „ჩვენ ბიუჯეტს გავეცანით დეტალურად, მიგვაჩნია, რომ ის პასუხობს გამოწვევებს და კარგად ასახავს ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით ხარჯებს. ნამდვილად სამწუხაროა, რომ პანდემია გადაეღობა იმ მზარდ, დადებით ტენდენციებს. იყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, იყო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მართლაც ისტორიული მინიმუმი. მაგრამ სწორმა ფისკალურმა მართვამ და მართვის ხარისხმა განაპირობა სწორედ ის, რომ საქართველოს გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მიიღო გაზრდილი დაფინანასება. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ მტკნარი სიცრუეა ის, რაც ბოლო ხანებში გაჟღერდა ოპოზიციის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა იღებს ვალს ბიუროკრატიული ხარჯის გასაზრდელად და მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ამ ვალის შემცირება მოხდება ძალიან მალე და ის ძალიან მალე დაუბრუნდება ეპიდემიამდელ პარამეტრებს“.

დეპუტატებმა წარმოდგენილი საფინანსო-საბიუჯეტო ინფორმაცია დადებითად შეაფასეს და ცვლილებების პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები