სასამართლო ბიზნესდავებს არაეფექტურად იხილავს,- ამის შესახებ იურიდიული კომპანია "ნოდია ურუმაშვილი და პარტნიორების" მმართველი ლაშა ნოდია bm.ge-სთან აცხადებს.
„სასამართლო ბიზნესდავას არაეფექტურად იხილავს, ეს გამოწვეულია ბევრი ფაქტორით. მთავარი ფაქტორი არის ის, რომ ბიზნესდავა გარკვეული სპეციფიკით გამოირჩევა და მხარეებს არ აქვთ განცდა, რომ ამ სპეციფიკაში მოსამართლე გარკვეულია. აქ არ არის საუბარი მიუკერძოებლობაზე, არაპროფესიონალიზმზე. აქ არის საუბარი ბიზნესდავის სპეციფიკაზე“,- აცხადებს ნოდია.
მისი თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, საარბიტრაჟო სისტემის გააქტიურება, რომელიც საქართველოში უკვე არსებობს. მისივე შეფასებით, საქართველოში საერთაშორისო-სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს დაფუძნება ბიზნესს ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს.
„რაც შეეხება ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო სავაჭრო-პალატას შორის უნდა გაფორმდეს, ეს გვაძლევს საშუალებას მომავლი წლიდან ვიხილოთ საქართველოში ICC-ის წარმომადგენლობა, რაც უფრო ხელშესახებს გახდის ბიზნესისთვის აირჩიონ არამხოლოდ ლოკალური საარბიტრაჟო დაწესებულებებით საქმის განხილვა, არამედ შეთანხმდნენ, რომ დავა განიხილოს ICC-მ და დავის განხილვის ადგილად მიუთითონ თბილისი“,- აცხადებს ნოდია.
მისივე თქმით, სამშენებლო კონტრაქტები ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრაქტებია თავის სპეციფიკიდან გამომდინარე, სადაც ხშირად შეიძლება წარმოიშვას სადაო საკითხები.
„სამშენებლო დავები შეიძლება გავყოთ 2 კატეგორიად, ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები და დეველოპერული - ამხანაგობები, მრავალბინიანი სახლების მშენებლობა და ა.შ. სპეციფიკა ორივე დავაში სხვადასხვაა. ინფრასტრუქტურულ პროექტებში, სადაც მონაწილეობს მსოფლიო ბანკი ან სხვა დონორი ორგანიზაცია, იდება ხელშეკრულება საერთაშორისო სტანდარტით, სადაც არბიტრაჟი გათვალისწინებულია.
სადავო საკითხები შეიძლება იყოს - თანხები, ვადები, ხარჯები, პროექტთან შეუსაბამობა და სხვა მსგავსი საკითხები, ხარისხიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ყველა ხელშეკრულებაში, რაც არის ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს სადავო საკითხების განხილვა, არა იმის გამო, რომ რომელიმე მხარე არის ცუდი, არამედ იმიტომ, რომ ეს არის კომპლექსური პროექტები. მხარეებს შორის დიდ პროექტებში ყოველთვის წარმოიშვება გადასაწყვეტი საკითხი, სადაც მათ სჭირდებათ ექსპერტები“,- აცხადებს ნოდია.