თანამედროვე სამყაროში ოფიციალურად ორი კორეა არსებობს, ჩრდილოეთი – კომუნისტური და სამხრეთი – კაპიტალისტური. მიუხედავად იმისა, რომ კორეის ისტორია ათასწლეულებს ითვლის, არასდროს ყოფილა ისეთი პრეცენდეტი, რომ ქვეყნის ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილები ერთმანეთისგან გათიშული ყოფილიყო. იდეოლოგიურმა განსხვავებებმა და სხვა დამატებითმა ფაქტორებმა გავლენა იქონია იმაზე, რომ ერთი ქვეყნის ორი მხარე განსხვავებულად განვითარდა, მათ შორის დიპლომატიური, საინფორმაციო თუ საომარი მოქმედებები დღემდე მიმდინარეობს, ხოლო სხვადასხვაგვარი მასშტაბის სასაზღვრო შეტაკებები ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება.
უცხოური კაპიტალის მოზიდვის მიზნით, ეს სახელმწიფო ქმნის საექსპორტო საწარმოო ზონებს, სადაც საგარეო ბაზარზე ორიენტირებული საქონელი იწარმოება. თავდაპირველად ინდუსტრიალიზაციის პროცესი საფეიქრო მრეწველობით დაიწყო, მოგვიანებით ფიქრი დაიწყეს მძიმე მრეწველობის დარგებზე, ახლა კი ძირითადი პრიორიტეტი უფრო შრომატევად და მეცნიერებადტევად წარმოებებს ენიჭება. სამხრეთ კორეა 2010 წლის მონაცემებით, მსოფლიო ქვეყნების დემოკრატიის ინდექსის მიხედვით სრული დემოკრატიის მქონე ქვეყანათა რიცხვში მოხვდა და ის უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა იაპონია, საფრანგეთი და იტალია.
მეცნიერები შენიშნავენ იმასაც, რომ რამდენიმე ათეულ წელში სამხრეთ კორეამ, როგორც ერთ–ერთმა უღარიბესმა ქვეყანამ, ასეთ წარმატებას, არა მხოლოდ ეკონომიკური არამედ დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისითაც მიაღწია. რეფორმები ქვეყანაში ინდუსტრიალიზაციით დაიწყო და მთავარ პრიორიტეტად განათლება გამოცხადდა. სამხრეთ კორეის ეროვნულმა საგანმანათლებლო პროგრამამ უკანასკნელ წლებში უდიდეს წარმატებას მიაღწია, რაც სახელმწიფოს მიერ ფინანსების მობილიზების წყალობით მოხდა.
თუ 1945 წლისთვის წერა–კითხვის მცოდნე მოსახლეობის 22% იყო, 1970 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 87,6%-ს მიაღწია, ხოლო 80-იანი წლების ბოლოსთვის – 93%-ს. 1960 წელს სტუდენტების რაოდენობა 100 000-ს აღწევდა, ხოლო 1987 წლისთვის მათი რაოდენობა 1,3 მილიონამდე გაიზარდა, რაც იმ დროისთვის აშშ-ის შემდეგ უდიდესი მაჩვენებელი იყო.
დასავლელი მეცნიერები შენიშნავენ, რომ სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში მაინც არაა გარანტი იმისა, რომ სამხრეთ კორეის ეს მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდება. ამერიკელი პოლიტოლოგების აზრით, სამხეთ კორეა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით რამდენიმე ათეული წლით წინ არის და სწორად განსაზღვრავს ქვეყნის შიდა თუ გარე პოლიტიკას. ყველაზე აგრესიული ინდუსტრიული პოლიტიკა სამხრეთ კორეამ ნავთობის შოკის პერიოდში განახორციელა, მაშინ, როცა აზიური ფინანსური კრიზისი იდგა. კრიზისზე საპასუხოდ სახელმწიფომ პირველ რიგში არაგადამხდელუნარიანი ფინანსური ინსტიტუტების, ანუ ბანკების ნაციონალიზაცია მოახდინა.შემდგომ კი ფინანსური რეზერვების დაგროვება. სწორედ ამ პოლიტიკამ დაიცვა სამხრეთ კორეა მოგვიანებით, 2008 წლის ფინანსური კრიზისისაგან.