"საპენსიო რეფორმა არაფრმალური დასაქმების რისკს ქმნის", - ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომისიის ხელმძღვანელი, შალვა ცხაკაია აცხადებს. მის მსგავსად დამსაქმებელთა ასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე ბევრი კომპანია ამბობდა, რომ რეფორმა, რომელიც უკვე 1 იანვრიდან ძალაშია, მათთვის ჯერ კიდევ ბევრ კითხვას ბადებს.
კერძო სექტორი დღესაც ფიქრობს, რომ 2%-იანი შენატანი საპენსიო ფონდში დამატებითი ტვირთია ბიზნესისთვის. გარდა იმისა, რომ შესაძლოა რეფორმის ამოქმედების შემდეგ მათ გადახედონ როგორც ხელფასებს, ისე საშტატო ერთეულებს, ასევე იქმნება რისკი, რომ ამ პროცსებმა ხელი შეუწყოს არაფორმალურ დასაქმებასაც.
„ჩვენ დღესაც ვფიქრობთ, რომ ეს დამატებითი ტვირთია ბიზნესისთვის. არსებობს ძალიან ბევრი პრობლემური საკითხები. საფრთხეები შეეხება არაფორმალურ დასაქმებას, გადახდის წესს, ფინანსურ დაგეგმვას ბიზნესის მხრიდან და ა.შ მათ გაზრდილი გადასახადის ფონზე შეუმცირდებათ სახელფასო ბიუჯეტი, მოუწევთ ან ხელფასების შემცირება ან მოუწევთ საშტატო ერთეულის შემცირება და დანახარჯების გაზრდა. არსებობს ინფორმაციის ნაკლებობა. უამრავი კომპანიაა, რომელთაც არ იციან როგორ განახორციელონ ამ კანონის იმპლემენტაცია“-აცხადებს შალვა ცხაკაია.