საპენსიო რეფორმის თანახმად, საბაზისო პენსიის კომპონენტი ხელფასს მიებმევა, - ამის შესახებ “ანალიტიკას“ ეთერში პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, კაკი ზოიძემ განაცხადა. მისი განმარტებით ამ საკითხზე შეთანხმება ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებთან უკვე მიღწეულია.
"საბაზისო პენსიის კომპონენტი არის საპენსიო რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან ის ეხება როგორც დღევანდელ, ასევე მომავალ პენსიონერებს. ამ მიმართულებით ჩვენ უმრავლესობის ფორმატში გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა და ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრეებთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ საბაზისო პენსია საშუალო ხელფასებს მიებმევა. ის ჩანაცვლების კოეფიციენტზე იქნება დამოკიდებული, რომელიც უნდა შენარჩუნდეს მინიმუმ იმ დონეზე, რომელიც დღეს არის, მიუხედავად იმისა, ინფლაცია იქნება, ეკონომიკური ზრდა, თუ ა.შ.
მე ვემხრობი ამ რეფორმას, რადგან მას სხვა ალტერნატივა, რომ ადამიანები უზრუნველყოთ ღირსეული პენსიით, არ აქვს. მიმაჩნია, რომ როდესაც ადამიანი იშრომებს წლების განმავლობაში, მას თავისი ხელფასის, სტაჟის ოდენობის მიხედვით უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს შესაბამისი ცხოვრების დონე სიბერეში“ - განაცხადა კაკი ზოიძემ. მისივე განმარტებით, შეხვედრაზე განხილული იყო მთელი რიგი სხვა საკითხებიც, რაზეც მსჯელობა კვლავ გაგრძელდება.
"ნებაყოფლობითობის კომპონენტი იქნა შენარჩუნებული თვითდასაქმებულების და 40 წელზე მეტი ასაკის ადამიანებისათვის, მათ თუ აქვთ სურვილი სახელმწიფო ხელს შეუწყობს და შესაბამის კონტრიბუციას შეიტანს მათთვის საპენსიო ფონდში, რათა წახალისდნენ თვითდასაქმებულები და მათ შორის უმუშევრებიც, თუ ამ ფონდით სარგებლობის სურვილი ექნებათ.
საუბარი იყო კერძო სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობაზე, რაზეც გაგრძელდება მსჯელობა და ამაზეც შევჯერდებით.
განვიხილეთ ინვესტიციების დაცულობა და ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, ანუ რამდენად დაცული იქნება ის თანხები, რაც კონკრეტული ადამიანების ანგარიშებზე იქნება აკუმულირებული ამ ფონდში. თითოეულ მოქალაქეს ეცოდინება რა თანხა იქნება დაგროვილი მის ანგარიშზე საპენსიო დანაზოგის სახით. მოწოდებული იქნა დამატებითი გარანტიები და დამცავი მექანიზმები" - განაცხადა კაკი ზოიძემ.