გასული 7 თვის განმავლობაში ევროკავშირში ექსპორტი 20%-ზე მეტად გაიზარდა, მათ შორის გერმანიაში ქართული ექსპორტის ზრდის წილი 36%-მდეა.
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნებს შორის გერმანია მეექვსე ადგილს იკავებდა. გერმანიიდან საქართველოში საანგარიშო პერიოდში 251 341.3 ათასი დოლარის იმპორტი განხორციელდა, რაც მთლიანი მოცულობის 4.9%-ია. წლიურად გერმანიიდან იმპორტი 2.9%-ით გაიზარდა.
საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის გერმანია მერვე ადგილს იკავებს. წლის პირველ შვიდ თვეში გერმანია-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 279 353.2 ათასი დოლარი იყო, რაც მთლიანი მოცულობის 4%-ია.
რაც შეეხება ექსპორტს, 7 თვეში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტზე 28 011.9 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, რაც მთლიანი მოცულობის 1.5%-ია.
2017 წელს საქართველოდან გერმანიაში ექსპორტზე 45 391.0 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოდან გერმანიაში ექსპორტი თითქმის განახევრდა (85 352,5 ათასი დოლარი 2016 წელს).