საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს, ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობას. ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ოფიციალური ვიზიტი სომხეთში ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.
მამუკა ბახტაძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გადაიდგმება არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის ტრანსფორმაციას და ეკონომიკის სწრაფ განვითარებას ისახავს მიზნად. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია ქართველი ერის ცივილიზაციური არჩევანია.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა.
მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალზე ისაუბრეს, განიხილეს ასევე ტურიზმისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.
ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მეგობრებს წარმატებული რეფორმების გამოცდილება გაუზიაროს.
„მჯერა, რომ საქართველოსა და სომხეთის მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება ურთიერთქმედების სხვადასხვა მიმართულებით და ჩვენი აქტიური ვიზიტები ამის საწინდარია.
დღევანდელ შეხვედრაზე მე და ჩემმა კოლეგამ განვიხილეთ თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ხაზი გავუსვით ჩვენს მისწრაფებას ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგზე. ვისაუბრეთ თანამშრომლობის ისეთ სფეროებზე, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები. შევთანხმდით, რომ ჯერ კიდევ გაგვაჩნია თანამშრომლობის გამოუყენებელი პოტენციალი არაერთი მიმართულებით.
ჩვენ შემოდგომის ბოლოს ვუმასპინძლებთ მთავრობათაშორის კომისიას, რომელიც განიხილავს მნიშვნელოვან იდეებს, თუ როგორ შეიძლება ჩვენი ურთიერთობები ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით კიდევ უფრო განვავითაროთ.
ამავე დროს ვისაუბრეთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და იმ მნიშვნელოვან მიღწევებზე, რაც აქვს საქართველოს ამ მიმართულებით. ამავე დროს მივესალმეთ,სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას.
გამოვხატეთ მზადყოფნა რეგულარული შეხვედრების გაგრძელებაზე, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნებასა და ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ მსურს, გულითადი გულითადი მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას მასპინძლობისთვის და თბილი მიღებისთვის, ასევე გამოვხატავ მზაობას სამომავლო თანამშრომლობისთვის”, - განაცხადა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ.
სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის და საქართველოს ურთიერთობა ბრწყინვალეა.
„ჩვენი ურთიერთვიზიტები პერიოდული ხასიათისაა და მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ განვიხილეთ უამრავი საკითხი, ტრანსპორტის ეკონომიკის, პოლიტიკური თანამშრომლობის მიმართულებით და ვფიქრობ, ნამდვილად მნიშვნელოვანი დასაფიქსირებელია, რომ ამ ვიზიტის შედეგებით ჩვენ ახალ სტიმულს შევძენთ ჩვენს ჰუმანიტარულ, პოლიტიკურ ურთიერთობებს. რა თქმა უნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან ძალზედ ამბიციური პროგრამა იქნა წამოწეული. ჩვენ სრულიად ვეთანხმებით ამ პროგრამას.
კონკრეტულად, საკითხი დაისვა უახლოეს წლებში სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე და იმის შესახებ, რომ სავაჭრო ბრუნვას ერთ მილიარდ დოლარამდე მივაღწიოთ.
ეს ის საკითხია, რომელზეც ყველას უნდა გვქონდეს საგზაო რუკა და შეთანხმებული ნაბიჯები. ჩვენ შევთანხმდით, რომ სომხურ-ქართული მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა უნდა გაიმართოს. კომისიის წინაშე კონკრეტული საკითხი დაისმება. ჯერ უნდა შევადგინოთ საგზაო რუკა, ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა, ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობებისა, ჰუმანიტარული, კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობების გასაძლიერებლად. შეგვიძლია დავაფიქსიროთ, რომ ყოველ ვიზიტთან ერთად ჩვენი ქვეყნის ურთიერთობების დონე უფრო მაღლდება, ატმოსფერო უფრო მეგობრული და უფრო თბილი ხდება და ჩვენი მთავრობების წევრებს შორის მყარდება მეგობრული კავშირები, რაც მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ურთიერთობებში და ეს ტონი და ტემპი უნდა გავაგრძელოთ და სარწმუნო ნაბიჯებით წინ ვიაროთ”, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.