„საქართველომ გაფლანგა მთელი დრო 2023 წლის დეკემბრიდან დღემდე - წელიწად-ნახევარი, ყოველგვარი პროგრესის გარეშე და ფაქტობრივად, დისტანცირდება ევროკავშირისგან",- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.
ელჩის თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო ჩამორჩა „შავი ზღვის ტრიოს“, რომელშიც ასევე უკრაინა და მოლდოვა შედის.
"იქნებ უნდა გავიმეორო, რაც ადრეც მითქვამს საჯაროდ: თუკი ახალგაზრდა ქართველებს, სტუდენტებს ჰკითხავ რას ნიშნავს ევროკავშირი, ისინი გიპასუხებენ - დემოკრატიას, ღირებულებებს, საერთო ისტორიას, ქრისტიანობას. მე ვპასუხობ, რომ ეს ყველაფერი სწორია - ღირებულებები კარგია, მაგრამ მათ მივყავართ რაღაცისკენ - ღირებულებებს მივყავართ კანონთან. ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატმა ქვეყანამ უნდა (უნდა! - ეს არჩევანი არ არის და არც განსახილველი საკითხი) მიიღოს ევროკავშირის კანონმდებლობა, სრულად.
ევროკავშირი კანონისმიერი ერთობაა, რისი არსიც ის არის, რომ ჩვენ ყველას მსგავსი კანონმდებლობა გვაქვს. თუკი ევროკავშირში ხარ, ევროპული კანონმდებლობა შენი კანონმდებლობაა. თუკი ამას შეასრულებ, შეგიძლია გაწევრიანდე, თუკი ამას არ აკეთებ, ვერ გაწევრიანდები“, - აცხადებს გერმანიის ელჩი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.
ელჩი აღნიშნავს, რომ „ასოცირების შეთანხმება და წევრობა ორი განსხვავებული რამ არის“.
„ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან, რომლებიც ვერასდროს გახდებიან ევროკავშირის წევრები, რადგან ამის სურვილი არ გამოუთქვამთ ან გეოგრაფიულად თუ ცივილიზაციურად არ არიან შესაფერისნი… თუ საქართველოს სურს მხოლოდ ასოცირების შეთანხმება, წევრობის გარეშე, გთხოვთ, გვითხრათ, რომ წევრობაზე ფიქრში ბევრი სამუშაო საათი აღარ დავკარგოთ...
2030 წელი ხუთ წელიწადშია. ერთ-ნახევარი წელი სრულიად ფუჭად დაიკარგა. ჩვენ ვისაუბრეთ შესაძლებლობების ფანჯრებზე, ისტორიულ შეხვედრის წერტილებზე, რომლებიც შეიძლება გაქრეს",- ამბობს ელჩი.