მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეკონომიკა 8 - 8.5%-ით ომის გარეშეც გაიზრდებოდა - ნადარაია

63ca53e84371d
მარიამ ვარადაშვილი
20.01.23 12:49
689
თიბისი ბანკის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარია მიიჩნევს, რომ 2022 წელს საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომის გარეშეც, მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნებოდა. ნადარაიას შეფასებით, ეს დაახლოებით 8%-ის ფარგლებში უნდა ყოფილიყო.

“ვფიქრობთ, ომის გარეშეც 2022 წელს 8-8.5%-იანი ეკონომიკური ზრდა მაინც იქნებოდა, თუმცა ფაქტია, რომ ძირითადად მიგრაციის ეფექტის გამო, ომის ამ ფორმით გახანგრძლივება ჩვენთან დამატებით ეკონომიკურ აქტივობას იწვევს. 2022 წელს თავიდანვე ძალიან ოპტიმისტური სცენარი გვქონდა [ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით] და კარგია, რომ ეს გამართლდა, ბუნებრივია ომის ნაწილს არ ვგულისხმობ. მიგრაციის ეფექტი ჩვენს ეკონომიკაზე ნამდვილად არის.

ეს ეფექტი მხოლოდ საქართველოს არ ეხება და მაგალითად 2022 წელს, სომხეთში კიდევ უფრო მაღალი ზრდაა მოსალოდნელი, რაც დაახლოებით 13-14%-ს შეადგენს. იგივე ტურიზმზე რომ გავაკეთოთ აქცენტი, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ძირითადი ინდუსტრიაა, ომამდე ძალიან ძლიერი აღდგენა იყო. ომის შემდეგ კი ე.წ ტრადიციული ტურიზმის აღდგენა შენელდა, მაგრამ მიგრაციის ეფექტმა ეს შენელება დააბალანსა. მაგალითად, ომამდე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის აღდგენას 90%-ით ველოდებით. შესაბამისად, თითქმის ვუბრუნდებოდით 2019 წლის დონეს, თუმცა მიგრაციის გათვალისწინებით ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა დაახლოებით 5%-ით გადააჭარბა პანდემიამდელ ნიშნულს. ეს ნიშნავს, რომ ამ ომის გარეშეც შემოსავლებში ძლიერი აღდგენა იქნებოდა. ასევე არის ძალიან ბევრი ფაქტორია: მაგალითად ის, რომ ისტორიულად ჩვენ უკრაინისა და რუსეთის ეკონომიკურ ზრდაზე ვართ დამოკიდებული. ის, რომ გასულ წელს ეს ეფექტი არ გვიგრძვნია, რა თქმა უნდა, ჩვენზე უარყოფითად მოქმედებს. ასევე ევროკავშირთან გვექნებოდა უფრო მაღალი ზრდა [ვაჭრობა, გზავნილები და ტურიზმი]”,-ამბობს ნადარაია.

გასული წლის საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე რუსეთის მოქალაქეების გავლენაზე ყველაზე საერთაშორისო ორგანიზაცია მიუთითებს. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 11 თვეში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 10%-ით გაიზარდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიმდინარე კვირაში საქართველოს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა რუსეთის დამსახურებად გამოაცხადა.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენ ხალხს შორის ურთიერთოება აქტიურად ვითარდება. მითხრეს, რომ გასულ წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 10%-ით, დიდწილად რუსეთთან მიმართებით ტურიზმისა და ვაჭრობის ხარჯზე გაიზარდა. ვიმედოვნებ, რომ მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ“, - განაცხადა ლავროვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები