საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყნის ეკონომიკა დიდწილად გაჩერებულია, რისი მიზეზიც იზოლაციაა. მან ამის შესახებ ახალ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა კვლავ აღნიშნა, რომ კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია.
ზურაბიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, მთავარი წყარო, რითაც ქვეყანა შემოსავლებს კვლავ იღებს, ცენტრალური აზიის მიმართულებით იმ ავტომობილების ექსპორტია, რომელიც მისივე თქმითვე, რეალურად რუსეთში მიდის.
"ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო და უფრო საქართველო გადასულია იზოლაციაში, რაც ცხადია, პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკაზე, რომელიც დღეს ასევე დიდწილად გაჩერებულია. მართალია, რაღაც შემოსავლები მაინც არის, პირველ რიგში, იმ სანქციების გვერდის ავლით, რომელიც ძალიან გაძლიერებულია ბოლო პერიოდში და ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყარო შემოსავლების, ალბათ დღესდღეობით არის ის ძვირად ღირებული მანქანები, რომლებიც დღეს ვითომ ცენტრალური აზიის მიმართულებით გადის და რეალურად - რუსეთში. ამ მანქანებში კიდევ სხვა რა დევს, ესეც გასარკვევია. ასე რომ, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ალბათ ერთ-ერთი წყარო, რითაც დღეს კიდევ ინარჩუნებს მმართველი პარტია გარკვეულ შემოსავლებს",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.