"საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიცვლება, მაგრამ გახდება უფრო ეფექტური", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ bm.ge-ის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას შეეხებოდა.
საქმე იმაშია, რომ მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დღეს გეგმის პირველადი პრეზენტაცია წარუდგინეს, რომელიც ფისკალური, მონეტარული და სექტორული ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზსა და საერთაშორისო კონსულტანტების რეკომენდაციებს მოიცავდა.
"როგორი იქნება საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა და რა შეიცვლება ამ მიმართულებით"? - ვკითხეთ პრემიერს.
„საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიცვლება, მაგრამ გახდება უფრო ეფექტური. როგორც იცით, ჩვენ სხვადასხვა ეკონომიკური პლატფორმის ჯგუფებთან ვსაუბრობთ. ეს იყო აბსოლუტურად გააზრებულად გაკეთებული იმისთვის, რომ შემდგომი პოსტკრიზისული, საშუალო და გრძელვადიანი ეკონომიკის აღდგენის გეგმა იყოს აბსოლუტურად დაბალანსებული. ის უნდა ითვალისწინებდეს როგორც ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას, ასევე იმ კონკურენტულ უპირატესობებს, რომელიც ქვეყანას გააჩნია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერი აქცენტს ქვეყნის პოტენციალის უფრო ეფექტურ გამოყენებაზე აკეთებს.
„ჩვენ ბევრი რამე გვაქვს, ბევრი რამის წარმოება შეგვიძლია და ვაჩვენებთ კიდეც, რადგან ჩვენი სავაჭრო ბალანსი სულ უფრო და უფრო პოზიტიურად იცვლება. ბოლოს და ბოლოს გვაქვს შესანიშნავი და დიდი სატრანზიო პოტენციალი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ და რაც მთავარია, გვაქვს მაღალ ინტელექტუალური ადამიანური რესურსი, რომელმაც უნდა შექმნას ყველაზე მაღალი დამატებითი ღირებულება“, - თქვა პრემიერმა.