უცხოურ ბაზრებზე ქართული ადგილწარმოშობის ღვინოების პოზიციონირება იაფ სეგმენტში არ უნდა მოხდეს, - ამის შესახებ Bm.ge-ს ,,თბილღვინოს“ პროდუქტების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა ლაშა ლომაშვილმა განუცხადა, მისი განმარტებით საქართველომ ჩილეს შეცდომა არ უნდა გაიმეოროს და იაფი ღვინის მწარმოებლის იმიჯი არ უნდა დაიმკვიდროს.
„საქართველოსთვის ისეთ ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებზე როგორიცაა რუსეთი და უკრაინა ღვინოების უმრავლესობა 2 დოლარზე ნაკლებად იყიდება. ამ მიმართულებით მიდის ჩინეთის ბაზარიც, რაც საქართველოსთვის კარგი არ არის. განსაკუთრებით ისეთი ადგილწარმოშობის ღვინოები, როგორიცაა ხვანჭკარა, მუკუზანი, ქინძმარაული და სხვა უნდა იყოს უნიკალური და ხარისხიანი, რაც ასახული უნდა იყოს ფასებში. სხვაგვარად ასეთი ღვინოების წარმოება შეუძლებელიცაა. 2017 წლის მონაცემებით ჩვენი ღვინის საექსპორტო ფასი საშუალოდ 2,70 დოლარია, რაც სხვა კომპანიების ფასთან შედარებით მაღალია. 2017 წელს ისეთი ტოპ ღვინოები, როგორიცაა, მაგალითად ქინძმარაული, წარმოუდგენლად დაბალ ფასად, 2 დოლარის ფარგლებში იყიდებოდა. ჩვენ არ გვინდა არასწორი გზით წავიდეთ და განვიცადოთ ის, რაც ჩილეს დაემართა. მიუხედავად იმისა რომ ერთ-ერთი ძლიერი მწარმოებელი ქვეყანაა ალბათ კიდევ დიდი ხნის მანძილზე ვერ მოიშორებს იაფი ღვინის მწარმოებლის იმიჯს“ - განაცხადა ლაშა ლომაშვილმა. მისივე განმარტებით, ამჟამად ,,თბილღვინო“ საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის რაოდენობის მიხედვით, კომპანიების ხუთეულში შედის, 2009 წლიდან 2016 წლამდე ის პირველ ადგილს იკავებდა.