"საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები ქვეყნის ეკონომიკისთვის განსაკუთრებით უარყოფითი ეფექტის მატარებელია. საგზაო შემთხვევებით გამოწვეული ტრავმებისა და ფატალური შემთხვევების შემცირებით შესაძლებელია რესურსების გამოთავისუფლება მათი პროდუქტიული გამოყენების მიზნით", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში, რომელიც საგზაო უსაფრთხოებას ეხება.
საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების მზარდი ტენდენცია 2011 წლიდან შეინიშნება. 2011-დან 2016 წლამდე ავტომობილების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა, პროპორციულად, 35%-ით გაიზარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობაც. 2017 წელს საქართველოს გზებზე დაფიქსირდა 6 079 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომლის შედეგად 517 ადამიანი დაიღუპა, 8 461 კი დაშავდა.
