საქართველოში სერვის მიმწოდებელთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, ტურისტებისთვის მოგზაურობა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ეს წინა წლებში იყო. თემაზე საქამიანი დილის ეთერში, ჰელისკი ჯორჯიასა და ყაზბეგი ჰელიკოპტერსის ხელმძღვანელმა ვატო ასათაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში იმატებს კონკურენცია, რაც ავტომატურად აგდებს ფასს, ხოლო სერვისის ხარისხს პირიქით, ზრდის.
„თუკი აქამდე საქართველოში ტურისტი დღის განმავლობაში 100–150 დოლარს ხარჯავდა, წელს უკვე ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, რაც ბაზარზე სერვისმიმწოდებლებისა და კონკურენციის ზრდამ განაპირობა.
თუმცა, ცხადია ყველაფერი შედარებითია და თუკი ფასებს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს შევადარებთ, გამოდის რომ ქვეყანა მაინც ძვირადღირებული მიმართულებაა, რადგან იქ ტურისტული ნაკადიც და სერვისმიმწოდებელთა რაოდენობაც გაცილებით მეტია ვიდრე საქართველოში, ამიტომაც ნაკადის და მომწოდებელთა რაოდენობის თანაფარდობით ფასები ბევრად უფრო დაბალი გამოდის. კავკასიის რეგიონთან შედარებით კი, საქართველოზე ძვირი მხოლოდ აზერბაიჯანია“, - აღნიშნა ვატო ასათაშვილმა.
მისივე თქმით, ფინანსურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა და სერვისის სტანდარტის გაუმჯობესება, მომდევნო წლებში საფასო დინამიკას ქვეყანაში კიდევ უფრო შეამცირებს.