მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ელექტროენერგიით, შესაძლოა, ბლოკჩეინის დახმარებით ივაჭრონ

5b1134ee595b7
დათო ჯალაღონია
01.06.18 16:00
1184
საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაცია ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ენერგეტიკაში გამოყენების საკითხზე კვლევას ატარებს.

როგორც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა BM.GE-ს განუცხადა, კვლვის ერთ-ერთი მიზანია, გაირკვეს, რამდენად გააიაფებს ბლოკჩეინის სისტემა ელექტროენერგიის ვაჭრობის პროცესს.

„ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი გაკეთდება - სად შეიძლება, ენერგეტიკაში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენება. არსებობს რამდენიმე ვერსია, რასაც სხვა ქვეყნებშიც ამუშავებენ, თუმცა ჯერ არსად არის დანერგილი. ერთი ვარიანტია ბლოკჩეინის გამოყენება ე.წ ჭკვიანი ქსელების განვითარებისთვის, რის შედეგადაც ქსელს თავად შეიძლება, ავტომატიზირებულად ჰქონდეს რეაგირება გათიშვებზე და სხვა შეცდომებზე, მაგალითად, იმ შემთხვევაში, რაც „ენგურჰესზე“ მოხდა“, - განაცხადა აბრამიშვილმა.

მეორე ვარიანტი, კი რასაც საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაცია განიხილავს, სავაჭრო სისტემის ბლოკჩეინზე აგებაა.

„შეიძლება, მეზობელმა მეზობელს ავტომატიზირებულ რეჟიმში მიჰყიდოს ელექტროენერგია, ანუ ვაჭრობის პლატფორმა ბლოკჩეინზე იყოს დაფუძნებული. ეს სისტემა ტრანზაქციებს აიაფებს. მაგალითად, როცა პატარა ტრანზაქციებზე გვაქვს საუბარი, ამას იმდენი ხარჯი შეიძლება დაემატოს დღევანდელ ვითარებაში, რომ მისი განხორციელება არც ღირდეს, ბლოკჩეინში კი ყველაფერი ავტომატიზირებულია. გარდა ამისა, ეს ტექნოლოგია ტრანზაქციების უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს, თუნდაც კიბერშეტევის შემთხვევაში“, - განმარტა გიორგი აბრამიშვილმა.

მისივე თქმით, ენერგეტიკაში ბლოკჩეინ სისტემების დანერგვა იმ ქვეყნებში, სადაც ბროკერებისა და ტრეიდერების ინსტიტუციები განვითარებულია, რთულია, რადგან სისტემა აწყობილი აქვთ და იქ ხალხია დასაქმებული, საქართველოში არსებული ვითარება კი განსხვავებულია.

„შეიძლება, ჩვენთვის შედარებით მარტივი იყოს ბლოკჩეინის განვითარება, რადგან ერთის მხრივ, მსგავსი ინსტიტუციების ტრადიცია არ გვაქვს, მეორეს მხრივ, კი სავაჭრო სისტემა მაინც უნდა განვავითაროთ. ამას ისიც ემატება, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, ბლოკჩეინი ტრანზაქციებს აიაფებს და ესკო-ს (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი) ფუნქციების აღებაც შეუძლია“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ჯერ-ჯერობით ესკო-ს ბლოკჩეინით ჩანაცვლებაზე საუბარი ძალიან ნაადრევია.

„კვლევამ უნდა დადოს შედეგები. ახლა იდეები და მოლოდინებია, კვლევას ვახორციელებთ. ამ სამქეში Deloitte-ს ექსპერტიც ჩაერთვება. ასევე, USAID-ი დაგვეხმარება.“, - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.

საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაცია აღნიშნულ საკითხზე კვლევას დაახლოებით ოთხ თვეში დაასრულებს.






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები