მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის გენერალური ანსამბლეა ჩატარდება

5b20e9939ded4
მაია ბიწაძე
13.06.18 13:51
1327
საქართველოში პირველად საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის გენერალური ანსამბლეა ჩატარდება. ღონისძიება 17-დან 22 ივნისი ჩათვლით გაიმართება. როგორც ,,საქართველოს სომელიეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა შალვა ხეცურიანმა ,,საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ეს ამ ორგანიზაციის რიგით 49-ე ანსამბლეაა, რომლის ჩატარებაც საქართველოში ორი წლის წინ გადაწყდა.

,, ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები წინასწარ იყვნენ საქართველოში ჩამოსული მონიტორინგის მიზნით, თუ რამდენად შესაძლებელი იყო ამ ღონისძიების აქ გამართვა. ძირითადად ეს მოიცავდა ინფრასტრუქტურის შემოწმებას, სადაც უნდა განთავსდნენ ეს ადამიანები და ჩატარდეს ღონისძიება.

დაახლოებით 100 ადამიანი მსოფლიოს 62 ქვეყნიდან ესტუმრება საქართველოს. ეს არიან მსოფლიოს მთავარი სომელიეები“ - განაცხადა შალვა ხეცურიანმა.

ხეცურიანის განმარტებით, დაგეგმილია უამრავი ღონისძიება, მათ შორის სტუმრებს საქართველოს კულტურას და ძველ ტრადიციებსაც გააცნობენ.

,,საქართველოს სომელიეთა ასოციაცია“ 2014 წლიდან არის ამ ასოციაციის წევრი და ჩვენ ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, რომ ამ ორგანიზაციას გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა. ვაპირებთ, ვაჩვენოთ მათ ჩვენი ცხოვრების წესი, უძველესი ტრადიციები, იგივე სუფრაზე ქართული სადღეგრძელოების წარმოთქმის კულტურა, რაც გარე თვალით ძალიან საინტერესო სანახავია.

ორი ძირითადი აქცენტი გვაქვს, რაც გვინდა სტუმრებს წარვუდგინოთ, ეს არის ქვევრი, როგორც არქაული ტექნოლოგია, რომელიც ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს და ღვინის ბიზნესში ვიყენებთ, როგორც ახალ კატეგორიას. ასევე, აქცენტი გვაქვს გაკეთებული საფერავზე, როგორც ჩვენს მთავარ ჯიშზე. დაგეგმილია საფერავის ყურძნის ჯიშის ძირითადი არომატული და გემოვნური მახასიათებლების ორგანულ-ეპტიკური დადგენის საერთაშორისო სესია“ - განაცხადა შალვა ხეცურიანმა.

ღონისძიების ფარგლებში, ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი აბსოლიტურად ყველა სახეობის ღვინო საქართველოდან და ყველა საწარმოს ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს თავისი პროდუქცია. ხეცურიანმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სტუმარ სომელიიებს შორის ბევრი ბიზნესმენია, კერძოდ ისინი არიან რესტორნების, სასტუმროების ქსელების მეპატრონეები და ღვინის მსხვილი იმპორტიორები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები