2019 წლიდან საქსტატი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის გაანგარიშებას ახალი მეთოდოლოგიით დაიწყებს. როგორც საქსტატის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ გადაცემაში "საქმიანი დილა" განაცხადა, ამ საკითხზე მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ორი წელია მიმდინარეობს.
"ეროვნულ ანგარიშებს ახალ მეთოდოლოგიაზე გადავიყვანთ, რამაც გარკვეული გავლენა შეიძლება მოახდინოს ისეთი მაკროეკონომიკური მაჩვენებლის მოცულობაზე, როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს საერთაშორისო მეთოდოლოგიაა, რომელზე გადასვლაც საქართველომ ცოტა დააგვიანა კიდევაც", - აღნიშნა თოდრაძემ.