მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო "საქართველოს თაიგულის" ბრალდებებს პასუხობს

5bf67f4c22abf
სალომე მეცხვარიშვილი
22.11.18 14:10
1458
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო კომპანია „საქართველოს თაიგულის“ ბრალდებებს პასუხობს.

უწყებამ პასუხი bm.ge-ს მიაწოდა. ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მიწის გადაცემა ინვესტორისთვის თავის დროზე ყველა პროცედურის დაცვით მოხდა, თუმცა, მოგვიანებით აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით სასამართლოს მიმართა კერძო პირმა, რომელიც უძრავი ქონების გაიჯარებამდე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით მესაკუთრედ არ ფიქსირდებოდა.

გთავაზობთ, უწყების პასუხს სრულად:

„ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, განსაკუთრებით კი ქართული ჩაის პლანტაციების აღდგენის პროცესი. ამის დასტურად გაცნობებთ, რომ ჩაის მწარმოებელი საწარმოს აშენების მიზნით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2016 წელს შპს „საქართველოს თაიგულისთვის“ სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოში ფარგლებში ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში 1 ლარად გადაცემული აქვს 9 677 ლარად შეფასებული 6 912 კვ.მ. სახელმწიფო ქონება.

ასევე მოგახსენებთ, რომ აღნიშნული სექტორის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლიდან ხორციელდება ქართული ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, ქართული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას. დღეის მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში ინვესტორებისთვის გადაცემულია 500 ჰა-ზე მეტი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ჩაის გაველურებული პლანტაციები. პროგრამის პირობის მიხედვით ასევე განხორციელდება ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა და წარმოებისთვის საჭირო დანადგარებით აღჭურვა. აღნიშნულ პროექტში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც დააკმაყოფილებს პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

რაც შეეხება შპს „საქართველოს თაიგულის“ ბრალდებას, მოგახსენებთ, რომ 2014 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წერილობით მომართა შპს „საქართველოს თაიგულმა“, სადაც ითხოვდა ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში მდებარე დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციას მათი შემდგომში იჯარის უფლებით სარგებლობის მიზნით. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ დაინტერესებულები იყვნენ მიწის ნაკვეთებზე არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციით. სააგენტოში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, მოქმედი პროცედურების სრული დაცვით, დაიწყო საქმისწარმოება, რომლის ფარგლებშიც მოხდა მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული ინფორმაციის სხვადასხვა უწყებებიდან გამოთხოვა. მათ შორის გადამოწმდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საარქივო მონაცემები, რომლის მიხედვითაც კომპანიის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთები განეკუთვნებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ, ჯერ კიდევ განუსხვისებელ ტერიტორიას. აღსანიშნავია, რომ უძრავ ქონებაზე ინფორმაციის მოძიების პროცესში ჩართული იყო ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ასევე ტერიტორიაზე განთავსებული იყო შესაბამისი აბრა, სადაც მოცემული იყო ინფორმაცია მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის ინიცირების პროცესის შესახებ. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა მხოლოდ სათანადო ინფორმაციის შეგროვების შემდეგ, მოქმედი საპრივატიზებო პროცედურების სრული დაცვით. აუქციონი იყო საჯარო და მასში მონაწილეობის უფლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო. ასევე, ადგილობრივ დონეზე პროაქტიულად გავრცელდა შესაბამისი ინფორმაცია. აუქციონში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „საქართველოს თაიგული“, რომელსაც ჯამში 42145 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 15 წლიანი იჯარით გადაეცა.

საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით. ასევე მოგახსენებთ, რომ უძრავი ქონების საიჯარო გადასახადი, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა, არის საბაზრო ფასიდან გამომდინარე და მის ფორმირებაში სააგენტო არ მონაწილეობს.

მოგვიანებით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით სასამართლოს მიმართა კერძო პირმა, რომელიც უძრავი ქონების გაიჯარებამდე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით მესაკუთრედ არ ფიქსირდებოდა, შესაბამისად, მიწის ნაკვეთის გაიჯარების მომენტში სააგენტოს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ვერ ექნებოდა. სასამართლო დავაზე სააგენტომ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერების თაობაზე, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა სააგენტოს არგუმენტაცია და დააკმაყოფილა კერძო პირის მოთხოვნა. ამასთან, სასამართლო დავის შესახებ ასევე ინფორმირებული იყო შპს ,,საქართველოს თაიგულიც“, ვინაიდან 2016 წლის თებერვლიდან იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო შეზღუდვა”,- ნათქვამია განცხადებაში.

"საქართველოს თაიგულს" იჯარით აღებული ჩაის პლანტაციის ნაწილი ჩამოართვეს

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები